აშშ-მა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ვიზაზე უარი უთხრა

0
235

აშშ-მა ვიზის გაცემაზე უარი უთხრა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მუჰამედ ჯავად ზარიფს, რომელიც ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასასწრებად უნდა გამგზავრებულიყო. ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ იუწყება.

გავრცელებული ცნობით, ეს გადაწყვეტილება გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობის შემდეგ აშშ-სა და ირანს შორის შექმნილ დაძაბულობას უკავშირდება.

6 იანვარს ტრამპი ერაყს სანქციების დაწესებით დაემუქრა. დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელი გენერალი ტერაქტების მომზადებაში მონაწილეობდა და ასობით ამერიკელის მკვლელობაზეა პასუხისმგებელი. ირანის მთავრობამ გენერლის მკვლელობას „ომის გამოცხადება“ უწოდა და აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა.

5 იანვარს ერაყის პარლამენტმა ქვეყნიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანას დაუჭირა მხარი, ირანმა კი გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ბაღდადში აშშ-ის ძალებმა ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანი მოკლეს.