ვლადიმერ პუტინის მეგობარი პრეზიდენტი აღარ არის – ბოლივიის ლიდერი თანამდებობიდან გადადგა

0
271

ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი, რომელიც მემარცხენე იდეოლოგიის მომხრეა და რომელიც პოლიტიკაში მოსვლამდე ფერმერების პროფკავშირის ხელმძღვანელი იყო, თანამდებობიდან გადადგა.

გასული თვიდან ბოლივია მასობრივმა მღელვარებამ მოიცვა: საქმე იმაშია, რომ 20  ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები (კვლავ ევო მორალესის სასარგებლოდ, რომელიც ქვეყანას 2006 წლიდან მართავს)  მოსახლეობის უმრავლესობამ გაყალბებულად მიიჩნია. პროტესტის მონაწილეებს საერთაშორისო დამკვირვებლებიც ეთანხმებიან, რომლებმაც არჩევნების დროს მომხდარ გაყალბებულ ბიულეტენებზე და მასობრივ მანიპულაციებზე განაცხადეს.

აღსანიშნავია, რომ ევო მორალესმა ოპოზიციის არგუმენტები მიიღო და განაცხადა, რომ თანახმაა განმეორებითი არჩევნები ჩატარდეს, მაგრამ დემონსტრანტებმა პრეზიდენტობიდან მისი დაუყონებლივი წასვლა მოითხოვეს.  ქვეყნის მეთაურმა პასუხი გააჭიანურა, მაგრამ როცა მას გენერლებმა და პოლიციის ხელმძღვანელობამ გადადგომა ურჩია, იგი საბოლოოდ დათანხმდა. ევო მორალესის გზას მიჰყვა ვიცე პრეზიდენტი ალვარო გარსია ლინერა, სენატის (პარლამენტის) სპიკერი ადრიან სალვატერა, პლუს მთავრობის შემადგენლობაც. ამჟამად ქვეყნის მეთაურის მოვალეობას სენატის სპიერის მოადგილე ჟანინ ანესი ასრულებს, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენელია.

ქუჩაში გამოსული დემონსტრანტები, როგორც ასეთ სიტუაციაში ხდება ხოლმე, გახარებულნი არიან და გაიძახიან – „დიახ, ეს ჩვენ მოვახერხეთ!“.

აღსანიშნავია, რომ ბოლივიის პრეზიდენტს თავის რუს კოლეგასთან – ვლადიმერ პუტინთან თბილი და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა. როგორც ჩანს, ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბოლივიის საგარეო პოლიტიკის ვექტორი მნიშვნელოვნად შეიცვლება.

მექსიკის მთავრობის განცხადებით, მეხიკო მზადაა ევო მორალესს პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს თავის საელჩოში, რომელიც ბოლივიის დედაქალაქში – ლა-პასში მდებარეობს. თვითონ უკვე ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ იგი სახელმწიფო გადატრიალების მსხვერპლია.