დეკანოზის გათავისუფლება ჩვენთვის მნიშვნელოვანი და სასურველი იქნებოდა, თუნდაც იმიტომ, რომ ამით დასრულდებოდა სპეკულაციები – ანდრია ჯაღმაიძე

0
215

საქართველოს საპატრიარქოში შეწყალების შესახებ პრეზიდენტის მიერ გამართულ ბრიფინგთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა.

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, მამა ანდრია ჯაღმაიძის თქმით, განცხადების გაკეთება დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხზე, მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გადაწყვიტეს.

ჯაღმაიძის თქმით, საპატრიარქოსთვის მნიშვნელოვანი, მისაღები და  სასურველი იქნებოდა, რომ გათავისუფლებულიყო დეკანოზი.

ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, თუნდაც იმიტომ, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ამით სპეკულაციები დასრულდებოდა.

„უპირველესად უნდა აღვნიშნოთ, რომ ეკლესიის მიმართ თითქმის სამ წლიანი დაუსაბუთებელი ბრალდებების მიუხედავად, შეწყალების შუამდგომლობის გადაწყვეტილება მისი უწმინდესობის ინიციატივით მიიღო საქართველოს ეკლესიის უმაღლესმა მმართველმა ორგანომ, სინოდმა და სინოდის მიერ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე შედგენილი წერილი, რომელიც გაეგზავნა პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე, არის უმაღლესი ლეგიტიმაციის, ძალიან  მნიშვნელოვანი ეკლესიისთვის და ის გამოხატავს ეკლესიის ნებას. პრეზიდენტმა დღეს გაასაჯაროვა თავისი გადაწყვეტილება, დაასაბუთა თავისი ხედვა, თუ რატომ არ მოხვდა შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე. რომ აღარ ვისაუბროთ იმაზე, რომ სინოდის გადაწყვეტილება ჩვენთვის ძალიან  მნიშვნელოვანია და რომ არ ვისაუბროთ იმაზე, რომ ადამიანური ფაქტორი და დამოკიდებულება პატიმრისადმი ისედაც გულმოწყალებას გულისხმობს, ჩვენთვის, ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი, მისაღები, სასურველი იქნებოდა, გათავისუფლებულიყო დეკანოზი, თუნდაც იმიტომ, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ამ ხნის განმავლობაში მიმდინარე ეს პერფორმანსი დამთავრდებოდა. ჩვენ ცხადად ვხედავთ და აქამდეც გვითქვამს, რომ ამ ფაქტორს, დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობას ძალიან დიდი სპეკულაციები მოჰყვა და ჩვენი აზრით, ბევრმა ადამიანმა ისარგებლა ამით, რომ ეკლესიის წინააღმდეგ გამოეყენებინა ეს. ჩვენი ხედვით გარკვეულ მძევლადაც კი არის ეს ადამიანი იმ ხალხის ხელში, ვისაც საკუთარი დივიდენდების მოპოვება სურს ეკლესიის წინაღმდეგ საბრძოლველად. სურვილი, რომ დეკანოზი გათავისუფლებულიყო, შეიძლება ამ კუთხითაც გავზომოთ, რომ ამით დასრულდებოდა ეს სპეკულაციები და სპექტაკლი“ ,- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.