დაიწყებს თუ არა აშშ ომს ირანთან

0
243

ბაღდადში აშშ-ის მიერ ირანელი სამხედრო ლიდერის, გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობის შემდეგ მოვლენები მძაფრად ვითარდება: თეირანი ვაშინგტონს მკაცრი ანგარიშწორებით დაემუქრა და იმავდროულად საპასუხო სვლა გააკეთა: განაცხადა, რომ აუქმებს 2015 წელს ხელმოწერილ ბირთვულ შეთანხმებას და კვლავ იწყებს გამდიდრებული ურანის წარმოებას, სამხედრო მიზნებისათვის გამოსაყენებლად.

თეირანი: „სიკვდილი ამერიკას!“

ასი ათასობით ირანელი გამოეთხოვა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცქვედანყოფის მეთაურს: 6 იანვარს, დილით, უამრავი ადამიანი შეიკრიბა თეირანის უნივერსიტეტთან, სადაც ყასემ სულეიმანის ცხედარი იყო დასვენებული, შემდეგ კი ის ასადის მოედანზე გადაასვენეს. ცერემონია ეთერში ირანის ყველა ტელეკომპანიის მიერ ტრანსლირდებოდა. ლოცვა ირანის უზენაესმა სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ჰამენეიმ აღავლინა, რომლის დასრულების შემდეგ გაისმა ტრადიციული „სიკვდილი ამერიკას!“.

სიტყვით გამოვიდა გარდაცვლილი გენერლის ქალიშვილი ზეინაბ სულეიმანი, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტს ასე მიმართა: „მისტერ დონალდ ტრამპ! იცოდე, რომ ამერიკელი ჯარისკაცების ოჯახებიც ასეთივე კუბოს წინაშე დადგებიან!“.

ვაშინგტონი: „იცოდე, დაგბომბავ!“

ამასობაში დასავლური კოალიციის ჯარებმა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმართული სამხედრო მოქმედება შეასუსტეს და ირანის სავარაუდო საპასუხო დარტყმების მოსაგერიელებლად ემზადებიან. თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეირანი გააფრთხილა, რომ ირანი თუ ომის დაწყების მიზნით, საპასუხო საომარ მოქმედებას განახორციელებს, ასეთ შემთხვევაში აიათოლა ალი ჰამენეი ამერიკის ავიაციისა და ფლოტისაგან ულმობელ დაბომბვას მიიღებს: პენტაგონს მიზანში აქვს ამოღებული ირანის 52 ობიექტი, მათ შორის ისინიც, რომლებთაც მნიშვნელოვანი კულტურული მნიშვნელობა აქვს. მოკლედ, ყველაფერი მიწასთან იქნება გასწორებული.

ბაღდადი: „ამერიკა, წადი!“

ერაყიც უკმაყოფილოა აშშ-ის ანტიირანული პოლიტიკის გამო – 5 იანვარს ქვეყნის პარლამენტმა ერაყის ტერიტორიიდან უცხოეთის – მოკავშირეთა კოალიციის (ჩათვალე – აშშ-ის) ჯარების გაყვანა მოითხოვა. ვაშინგტონმა სთხოვა ბაღდადს, რომ პარლამენტმა ეს დადგენილება გააუქმოს, რადგან „აშშ-ის ჯარები, თუნდაც ქვეყნის პარლამენტმა ასი დადგენილება მიიღოს, ერაყიდან მაინც არ გავლენ მანამ, სანამ მთავრობა ამერიკის მიერ შექმნილი სამხედრო ბაზების საფასურს არ გადაიხდის“ (ეს დონალდ ტრამპის სიტყვებია).

ევროპა: „ბიჭებო, ვიცხოვროთ მეგობრულად!“

ევროპა უფრო ლმობიერად უყურებს ირანის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს: ანგელა მერკელმა, ემანუელ მაკრონმა და ბორის ჯონსონმა ირანს მოუწოდეს, რომ თავი აარიდოს ძალადობას და ბირთვული შეთანხმების ჩარჩოებში დაბრუნდეს. იმავდროულად ბაღდადს სთხოვენ, რომ უარი არ თქვას „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებაზე.

ბრიტანული Times: “როგორც ქუხს, ისე არ წვიმს“

როგორც ბრიტანული გაზეთი Times წერს დღევანდელ ნომერში (სარედაქციო სტატია სათაურით „პროპორციული პასუხი“), გენერალ ყასემ სულეიმანის სიკვდილი, მართალია, რეგიონში სერიოზულ ძვრებს იწვევს, მაგრამ მხარეთა ინტერესებშია, რომ არ იქნას დაშვებული ძალადობის ესკალაცია.

„ირანი ამ ბოლო დღეებში ამერიკას მჭექარედ ემუქრებოდა, ამ ფონზე დონალდ ტრამპის ოპონენეტები აშშ-ის მოქალაქეებს ირანთან დიდი ომით აშინებდნენ, თუმცა სინამდვილეში, სიტუაცია არც ისე დრამატულად გამოიყურება“, – აღნიშნულია სტატიაში.

„რასაკვირველია, ირანი ყასემ სულიმანის მოკვლის ფაქტს რაღაცნაირად პასუხს გასცემს. თეირანი დაინტერესებულია, რომ პასუხი მტკივნეული იყოს ამერიკისათვის, მაგრამ ის შეეცდება, რომ იმავდროულად მასტაბური არ იყოს, რათა ამერიკასტან ომი არ გამოიწვიოს. ირანელი აიათოლები მშვენივრად აცნობიერებენ რეალობას და ხვდებიან, რომ თუ ომი დაიწყება, საბოლოოდ ამერიკა გაიმარჯვებს და ირანი დამარცხდება.

ცხადია, ამერიკის შეერთებული შტატებიც ელოდება ირანის საპასუხო მოქმედებას. იმავდროულად ვრცელდება საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია: თეირანის მტკიცებით, „შვეიცარიის შუამავლობით, ვაშინგტონმა გვთხოვა, რომ თუ პასუხის გაცემა გაქვთ გადაწყვეტილი, ისე გააკეთეთ, რომ პროპორციული პასუხი იყოსო“.

„ყასემ სულეიმანის სიკვდილის შედეგები რეგიონში დიდხანს იქნება საგრძნობი, – წერს გაზეთი, – მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დიდი სისხლისღვრა მოხდება“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

———–

წყაროები:

BBC News (დიდი ბრიტანეთი):

https://www.bbc.com/russian/news-51003264

Times (დიდი ბრიტანეთი):

https://www.thetimes.co.uk/article/the-times-view-on-americas-decision-to-kill-qasem-soleimani-proportional-response-0gcbmsb0l

Tehran Times (ირანი):

https://www.tehrantimes.com/news/443830/Trump-is-a-symbol-of-ignorance-says-Soleimani-s-daughter

Deutsche Welle (გერმანია):

https://p.dw.com/p/3VkHT