სტრასბურგის სასამართლო დეკანოზ გიორგი მამალაძის უდანაშაულობას დაამტკიცებს და შემდეგ გასცეს პასუხი პრეზიდენტმა, რა შეისწავლა – მიხეილ რამიშვილი

0
174

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სახეზეა შერჩევითი სამართალი.

რამიშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზის უდანაშაულობა დამტკიცდება და პრეზიდენტს შეწყალებასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.

რამიშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა გადაწყვეტილება საპატრიარქოდან გარკვეული პირების გავლენის შედეგად მიიღო.

„პრეზიდენტმა ზუსტად იცის, რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს გარკვეულ პირებთან ურთიერთობის შედეგად, რომლებიც თავიდანვე ფიგურირებდნენ ამ საქმეში. ეს არის საპატრიარქოში მყოფი ე.წ დაზარალებული შორენა თეთრუაშვილი და პრეზიდენტის განცხადებით, თურმე ახალი კრიტერიუმების თანახმად, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონია დაზარალებულის პოზიციას და განწყობას. ე.წ დაზარალებულ შორენას რომ ექნებოდა ასეთი განწყობა, რომ დეკანოზი არ უნდა იყოს თავისუფლებაზე, ეს ცალსახად ფაქტია, რადგან ყოფილი პრეზიდენტის, მარგველაშვილის დროსაც რომ ხდებოდა ამ საქმის განხილვა, შეწყალების კომისიას დეტალურად გავაცანით საქმის შინაარსი, იქაც კი მოხდა პრეზიდენტის მხრიდან უარის თქმა და ასე ვთქვათ, დაბლოკვა. ანალოგიური განხორციელდა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მხრიდანაც. თუ გავითვალისწინებთ, რომ თურმე საზოგადოებაში სიმშვიდის შენარჩუნებას ემსახურება უდანაშაულო პირის არ შეწყალება, თუ გავითვალისწინებთ, რომ თურმე ეს ყველაფერი პოლიტიკური ნიშნით არ უნდა მიმდინარეობდეს, ეს არის აბსურდი. ყველაფერი არის პოლიტიკა, მითუმეთეს, რომ საქმე გვაქვს დაუსჯელობის სინდრომთან და შერჩევით სამართალთან. ადამიანი, რომელიც უდანაშაულოა, ამას დაამტკიცებს სტრასბურგის სასამართლო და შემდეგ გასცეს პასუხი პრეზიდენტმა, რამდენად მისაღები იყო, რა შეისწავლა“ ,- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ამასთან, ადვოკატის თქმით, წმინდა სინოდმა საკუთარი პასუხისმგებლობა მოიხსნა და პრეზიდენტისთვის დეკანოზის შეწყალების შუამდგომლობით მიმართვა, ფორმალობა იყო.

„სინოდმა თავისი პასუხისმგებლობა მოიხსნა, ვითომ საზოგადოებას დაანახეს, როგორი ერთსულოვნება გამოიჩინეს, როდესაც ის პირები საპატრიარქოდან თავიდანვე ნდობას უცხადებდნენ გამოძიებას, თავიდანვე რეკომენდაციას იღებდნენ სუს-ისგან, რომ არ ენახათ დეკანოზი, თავიდანვე მხარი დაუჭირეს უკანონო და უსამართლო განაჩენს, ახლა ისინი რომ ფორმალურად მიიღებდნენ ამ გადაწყვეტილებას, ეს ფაქტია. შესაბამისად, იგივე განახორციელა პრეზიდენტმა, როდესაც მან ცალსახად ბრძანა, რომ დაზარალებულის პოზიციასაც დიდი მნიშვენლობა ჰქონია, საზოგადოების სიმშვიდესაც დიდი მნიშვნელობა ჰქონია და ამიტომ არ ყოფილა საჭირო დეკანოზის შეწყალება. თურმე ადვოკატებს ვერანაირი არგუმენტი ვერ დაუდიათ, რაც მისთვის საკმარისი იქნებოდა. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ მისთვიის საკმარისი იყო ის, რაც შეასრულა. არ შეიწყალო, არ შეიწყალა“ ,- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.