გუდაურისა და ბაკურიანის ნაწილს წყალი ისევ არ მიეწოდება

0
218

გუდაურისა და ბაკურიანის დამსვენებლების ინფორმაციით, საკურორტო ზონებზე წყლის მიწოდება ისევ პრობლემურია. მცირე ნაკადით და ისიც პერიოდულად წყალი რამდენიმე კორპუსის პირველ და მეორე სართულს მიეწოდება, დანარჩენ კორპუსებში კი წყალმომარაგება დღეს ისევ შეწყდა. მოსახლეობა ამბობს, რომ უკვე გათბობის საკითხიც აქტიურდება, ვინაიდან წყლის არქონის გამო ბინებში ცენტრალური გათბობა ითიშება.

გუდაურში მშრალმა კლიმატურმა პირობებმა წყლის მარაგის შემცირება, ხოლო სეზონზე გაზრდილმა მოხმარებამ წნევის ვარდნა გამოიწვია. წყლის მარაგის შემცირებისა და წნევის ვარდნის გამო, რეზერუარების შევსებას პრობლემები შეექმნა.

წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ, რომ სამუშაოები გუდაურში 2 საათში დასრულდება. რაც შეეხება ბაკურიანს, მათივე ინფორმაციით, წყლის არასაკმარისი ნაკადის პრობლემა რამდენიმე საცხოვრებელში რჩება და მათ მომარაგებას რეზერვუარებით უზრუნველყოფენ.