ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ თეკლა თორდიას საქმეს რეგულირების სააგენტო სწავლობს

0
61

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ 19 წლის თეკლა თორდიას საქმეს რეგულირების სააგენტო სწავლობს.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მისი დავალებით რეგულირების სააგენტოს მხრიდან შეიქმნა ჯგუფი, რომელმაც მოიძია დოკუმენტაცია და მიმდინარეობს შესწავლა.

„დღეს დავიწყებ სამძიმრით, მივუსამძიმრებ თეკლას ოჯახს, პირველ რიგში, მთელს საქართველოს, ნამდვილად ძალიან ტრაგიკული ფაქტი მოხდა, ამას ვერ დავტოვებდით ჯანდაცვის სამინისტროში ყურადღების გარეშე. გუშინ ჩემი მყისიერად  დავალებით, რეგულირების სააგენტოს მხრიდან შეიქმნა ჯგუფი, რომელმაც მოიძია დოკუმენტაცია და მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა. როგორც კი გარკვეული დასკვნები იქნება გაკეთებული ისინი გააკეთებენ განცხადებას, თუ რა ხარვეზების გამო მოხდა მსგავსი ლეტალური შედეგის დადგომა. ჩემი ხელმძღვანელობით, ჩემი უშუალო ხელმძღვანელობით ნამდვილად გაეცემა პასუხი ყველა იმ კითხვას, რომელსაც საზოგადოება ელოდება და ეს კითხვები პირველ რიგში პასუხგაცემული მესაჭიროება მე, რათა აღარ განმეორდეს მსგავსი შემთხვევები“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ყველა საკითხს, თუ რატომ მოხდა პაციენტის დაყოვნება, რატომ არ დატოვეს თეკლა თორდია პირველ საავადმყოფოში, სადაც ის იყო სადიაგნოსტიკოდ მიყვანილი, სწავლობს რეგულირების სააგენტოს.

„ჩვენ გვექნება დეტალური პასუხები ამასთან დაკავშირებით. რომ არ ვისაუბროთ ვარაუდებზე, ასეთ მტკივნეულ საკითხზე, ნამდვილად ალბათ საზოგადოებისთვისაც და თქვენთვისაც უმჯობესი არის, რომ გვქონდეს ყველა კითხვაზე დეტალური პასუხი. პირველი წერტილიდან ბოლო წერტილამდე მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას. თეკლა თორდიას საქმეზე რეგულირების სააგენტო გამართავს ბრიფინგს, როგორც კი დასრულდება პირველადი მოკვლევა ყველა დოკუმენტაციის, რომელიც უკვე მათ აქვთ. პირველი ზარიდან ბოლო წერტილამდე ეს კვლევა დაწყებულია, დოკუმენტაცია უკვე არის აკრეფილი, ასევე აუდიო ჩანაწერები, ზარის განხორციელების პროცესში, ვიდეო ჩანაწერები, ყველა ისტორია თეკლაზე უკვე არის რეგულირების სააგენტოში, ისინი ამ საკითხს სწავლობენ და გამართავენ ამასთან დაკავშირებით ბრიფინგს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, მძიმე პაციენტები დაუყოვნებლივ რომ მოხვდნენ კლინიკაში და არ იყოს არანაირი შეფერხება, ამისთვის ჯანდაცვის სამინისტროში ფუნქციონირებს მობილური ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობენ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მონიტორები და ჩართული არიან ყველა კლინიკური წარმომადგენლები იმ საბჭოდან, რომელიც კოვიდპანდემიას მართავს.

„ვმუშაობთ, რომ მოხდეს პაციენტების სწორი შეფასება და სწორი ბრუნვა ყველა იმ კლინიკაში, სადაც კოვიდპაცინეტები არიან განთავსებული, გადიან მკურნალობას, საჭიროებენ დამატებით ღონისძიებებს ან საჭიროებენ სტაბილიზაციით გაწერას ბინაზე. სწორედ ის არის სამუშაო, რასაც ასრულებს დამატებით ჯანდაცვის სამინისტრო“, – განაცხადა ტიკარაძემ.