ახალი წლის დღეებში დამწვრობის ცენტრში პიროტექნიკით დაშავებული 30-მდე პაციენტი მოხვდა

0
283

ახალი წლის დღეებში დამწვრობის ცენტრმა პიროტექნიკით დაშავებული 30-მდე პაციენტი მიიღო. მათი უმრავლესობა , 65% ბავშვია. როგორც კლინიკის ხელმძღვანელი ამბობს, მძიმე დაზიანებები, რომლებიც სტაციონარულ მკურნალობას საჭიროებს, მათ კლინიკაში არ დაფიქსირებულა. თუმცა იყო შემთხვევა, როდესაც პაციენტს ასაფეთქებლის გამო ორი თითი მოსტყდა და ტრავმატოლოგის დახმარება დასჭირდა.

გუგა ქაშიბაძე პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და მშობლებს ურჩევს, მცირეწლოვანი ბავშვებისთვის პიროტექნიკას ნუ შეიძენენ.

“ე.წ. მაშხალა ან ასაფეთქებლები არ არის გასართობი და სათამაშო. საჭიროა ინსტრუქციის შესრულება ზედმიწევნით ზუსტად და ეს არ უნდა იყოს ბავშვებისათვის ხელმისაწვდომი. ჩვენს კლინიკაში არა, მაგრამ ბავშვთა კლინიკებში იყო შემთხვევები, როდესაც სამწუხაროდ თითების ამპუტაცია დასჭირდათ. ჩვენგან იყო შემთხვევა, როდესაც ბავშვთა ტრავმატოლოგის დახმარება გახდა საჭირო, რადგან ამ აფეთქებასთან დაკავშირებით ორი თითის მოტეხილობა ჰქონდა პაციენტს“, – აცხადებს გუგა ქაშიბაძე.

ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად იაშვილის კლინიკაში რვა ბავშვი მოხვდა. მათგან შვიდს ოპერაცია გაუკეთეს, ერთი ბავშვისთვის კი ოთხი თითის ამპუტაცია გახდა საჭირო.