მიტინგები დიდი ალბათობით, აღარ გაიმართება – ბადრი ჯაფარიძე

0
54

“ლელოს”ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, არსებული პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, ოპოზიცია მასშტაბურ აქციებს აღარ გამართავს.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ისედაც საფრთხისშემცველ გარემოს დამატებითი ფაქტორები არ უნდა დაუმატონ.

“ოპოზიციის გეგმებს მანიფესტაციების და მიტინგის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ ეს ურთულესი მდგომარეობა და ამიტომ ჩვენი თანამოქალაქეების ისედაც საფრთხისშემცველ გარემოს კიდევ დამატებითი ფაქტორები არ უნდა დავუმატოთ. ამიტომ აისახება ოპოზიციის გეგმებში, რაც შეეხება მანიფესტაციებს და მიტინგებს, ისინი, დიდი ალბათობით, აღარ გაიმართება. მაგრამ სხვა გეგმებში ცვლილებები არ იგულისხმება, თუ ბოიკოტს გულისხმობთ”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, შეიქმნას ახალი ანტიკრიზისული საბჭო, სადაც ოპოზიციაც იქნება და აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა “თავი დროული ნაბიჯებით და მართვის უნარით ვერ გამოიჩინა”.

“საზოგადოდ, შეზღუდვები, როგორც ჩანს, ამ ვითარებაში არის გარდაუვალი, როდესაც პანდემია უკონტროლო გახდა. სამწუხაროა, რომ აქაც ხელისუფლებამ ვერ გამოიჩინა თავი დროული ნაბიჯებით და მართვის უნარით. მივედით ისეთ სავალალო მდგომარეობამდე, სადაც ახლა ვიმყოფებით. თუ ასე განვითარდა სიტუაცია, არაინფიცირებული ადამიანი აღარ დაგვრჩება, თუ უსაფრთხოების ყველა ზომა არ გამოვიყენეთ. მინდა მოქალაქეებს მოვუწოდო, ფრთხილად იყვნენ ყველა, როგორც ჩანს, ხელისუფლების იმედზე მაინცდამაინც ვერ ვიქნებით. ყველა უსაფრთხოების ზომა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ კოვიდის გაგრძელება ამ ტემპით აღარ გაგრძელდეს. ამავდროულად, გუშინაც მოვუწოდეთ ხელისუფლებას, შეიქმნას ახალი, ანტიკრიზისული საბჭო, რომელიც იქნება სხვა შემადგენლობით და იქნება წარმოდგენილი ოპოზიციაც. პარალელურად უნდა დავასრულოთ პოლიტიკური კრიზისი პოლიტიკური შეთანხმებით. ეს ნაბიჯებია, რომელიც ჩვენს ქვეყანას გამოიყვანს ამ მძიმე მდგომარეობიდან”, – განაცხადა ჯაფარიძემ.