ზუგდიდის ყოფილი მერი უქმეებზე ციხეს ვეღარ დატოვებს

0
262

ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია, რომელიც სასჯელს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე იხდის, უქმეებზე ციხის დატოვების უფლებით ვეღარ ისარგებლებს.

როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, ზუგდიდის ყოფილმა მერმა, ლაშა გოგიამ ვერ გამოავლინა ის ქცევა, რაც გულისხმობს დანაშაულის გაცნობიერებას და შესაბამისად, გარეთ გასვლის შეღავათი გაუქმებული აქვს.

ლაშა გოგია უქმე დღეებში პენიტენციური დაწესებულების დატოვების უფლებით სარგებლობდა. ის გასულ კვირას ზუგდიდში ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა. ფაქტის ამსახველი ფოტო მისმა მეუღლემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცემერი პირველ ნოემბერს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 21 500 აშშ დოლარი.

დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად 2 ნოემბერს წარუდგინეს. დანაშაული 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ლაშა გოგიამ თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა.