ანატოლი ბიბილოვის განცხადება არის არაადამიანური ყველას და არა მხოლოდ ქართველების მიმართ – გია ვოლსკი

0
263

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადება არის არაადამიანური ყველას და არა მხოლოდ ქართველების მიმართ.

„პასპორტის დათმობით საზღვრის კვეთის თემა არ გვარდება. აქ არის დამოკიდებულება მოსახლეობის მიმართ, თუნდაც ქართველი იყოს, გინდა ოსი იყოს, არანაკლებ სჭირდებათ ოსებს აქეთ გადმოსვლა, ვიდრე ქართველებს.

ეს არის მტრული და არაადამიანური ნაბიჯი ყველას მიმართ და არა მხოლოდ ქართველების მიმართ. ამას თავის პასუხები გააჩნია, თუმცა სამწუხაროდ, იმის რესურსი, რომ ძალით გააკეთებინო ის, რასაც ადამიანობა მოითხოვს, ასეთი რესურსი არ არსებობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო პოსტის აღება  მოითხოვა. მან თქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევში, ახალგორის მოსახლეობა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გადავა. ე.წ. პრეზიდენტის მოსაზრებით, პრობლემის მოსაგვარებლად ადგილობრივებმა საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიმართონ. მის განცხადებას მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა და მათ კულტურის სახლში მიმდინარე შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. კულტურის სახლში გამართულ შეხვედრაზე რამდენიმე მოსახლემ თქვა, რომ მათი ნათესავები თბილისში ცხოვრობენ და თუ მათ სანახავად „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქეობაზე უარის თქმაა საჭირო, მაშინ მზად არიან, პოსპორტი ჩააბარონ. ამასთან დაკავშირებით კი, ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს მათი გადაწყვეტილებაა.