საქართველოს მოქალაქეებს „უჩიპო“ პირადობების აღება შეუძლიათ

0
269

საქართველოს მოქალაქეებს, რელიგიური შეხედულებების გამო, უკვე შეუძლიათ იუსტიციის სახლს მოსთხოვონ პირადობა, ელექტრონული მატარებლის ანუ “ჩიპის” გარეშე.

გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო. მოსამართლეებმა მერაბ ტურავამ, ევა გოცირიძემ და გიორგი კვერენჩხილაძემ არგუმენტირებულად მიიჩნიეს ორი მოქალაქის სარჩელი, რომლებიც წერდნენ, რომ “ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველი პირადობის მოწმობა უკავშირდება აპოკალიფსის შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას”.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ წრეებში მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალებებისთვის ემზადება და “უჩიპო” პირადობები ამ გზას გაამარტივებს.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი, ოპოზიციის ამ ბრალდებას აბსურდულ კონსპირაციას უწოდებენ.

“აბსურდული კონსპირაცია, ასე შემიძლია შევაფასო ოპოზიციის ბრალდებები. მესმის, რომ გარკვეული რელიგიური გრძნობებიდან გამომდინარე, რაღაც ჯგუფი თვლიდეს, რომ მაიდენტიფიცირებელი ნომრები არ უნდა ჰქონდეს პირადობის მოწმობებს. ამ ყველაფერზე საკონსტიტუციო სასამართლო აუცილებლად იმსჯელებს. ჩემი პირადი მოსაზრებით, საჭიროა ყველა ადამიანს ჰქონდეს მაიდენტიფიცირებელი ნომერი, მაგრამ აუცილებელია დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ საკითხზე,” – განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა.

საკონსტიტუციო სასამართლო კი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადაო ნომრის მოქმედებას აჩერებს.

“მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ წესი, რომლის მიხედვითაც მათთვის სავალდებულოა ელექტრონული მატარებლით მიიღონ პირადობის მოწმობა, ეწინააღმდეგება მათი რწმენის თავისუფლებას, საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა სადაო ნომრის მოქმედება,” –  აღნიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, გიორგი ლომთაძემ.