სუს-ი ოზურგეთის ყოფილი და ახლანდელი საჯარო მოხელეებისთვის ბრალის წარდგენას ადასტურებს

0
224

სუს-ი ოზურგეთის ყოფილი და ახლანდელი საჯარო მოხელეებისთვის ბრალის წარდგენას ადასტურებს.

სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილ და ახლანდელ თანამშრომლებს ბრალი კომპანიის მიერ წარდგენილი ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო და საავანსო გარანტიების დროულად არ ამოქმედებაში ედებათ.

მათი თქმით, აღნიშნული ქმედებით სახელმწიფოს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.

გამოძიება მიმდინარეობდა ​სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის დარღვევას გულისხმობს. დანაშაული თავისუფლების აღკვეთის 3 წლამდე ვადით ისჯება.

“2019 წლის 26 დეკემბერს ანტიკორუფციული სააგენტოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე სამსახურებრივი გულგრილობისთვის, სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ბრალდება წარედგინათ:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილ მოადგილეს ა.ყ-ს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახურის ყოფილ უფროსს ბ.გ-ს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის, კომუნალური მომსახურების სერვისების სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების სპეციალისტს ა.ბ-ს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის, კომუნალური და სივრცითი განვითარების სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსს გ.ა-ს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანალიტიკური განყოფილების უფროსს გ.ჭ-ს.

გამოძიებით დადგენილია, რომ მათ, როგორც კომისიის წევრებმა, დროულად არ აამოქმედეს ერთ-ერთი კომპანიის მიერ წარდგენილი ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო და საავანსო გარანტიები, რითაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი,” – ნათქვამია სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს განცხადებაში.