ანატოლი ბიბილოვი ქართული საგუშაგოების დაუყოვნებლივ გაუქმებას ითხოვს

0
298

ოკუპირებული სამხრეთი ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ახალგორში ქართველ მოსახლეობასთან შეხვედრისას ქართულ საგუშაგოებზე ისაუბრა, რა დროსაც განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს გამშვები პუნქტების აღების გადაწყვეტილება.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ პრეზიდენტის თქმით, იმ ადამიანებმა, რომელთაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდათ გადასვლა, საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიმართონ და მოითხოვონ საგუშაგოების აღება, რათა შეძლონ თავისუფალი გადაადგილება. ამის შესახებ წერს რუსული მედია.

ბიბილოვის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრისას წაყენებულ ულტიმატუს გაღიზიანება მოყვა ქართველი მოსახლეობის მხრიდან, რა დროსაც მათ შეხვედრა დატოვეს.

„როგორც პრეზიდენტს მომმართავთ, რომ გზები მე ჩავკეტე, მაგრამ ეს არასწორია, პრობლემა ვერ მოგვარდება ჩემს მიერ, ან სამხრეთ ოსეთში. თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს ხელისუფლებას და გზის ჩაკეტვისა და მათი უაზრო პროვოკაციული ქმედებების გამო უკმაყოფილება გამოთქვათ, რადგან მათ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე განათავსეს არალეგალური პოსტი, სთხოვეთ შეცვალონ თავიანთი პოლიტიკა სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთა მიმართ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ვართ ერთი ქვეყნის მოქალაქეები,რომელსაც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ჰქვია, როდესაც ერთ რაიონში გვაქვს პრობლემა, ეს ეხება მთელი რესპუბლიკის მოსახლეობას, თუ მტრული მოქმედებები ეხება ერთი ტერიტორიის მცხოვრებლებს , მაშინ ეს ეხება ყველას. არ შეიძლება ახალგორის მოსახლეობის ფასეულობები მხოლოდ მათ კომფორტზე იყოს კონცენტრირებული, მაშინ როდესაც წნელისის მოსახლეობას ქართული საგუშაგოების მახლობლად იარაღის ლულა მიშვერილს უწევს ცხოვრება. ჩვენ ერთი ვართ და ერთად უნდა ვიბრძოლო მტრის წინააღმდეგ“ ,- განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.