ავტოავარიების რიცხვი შემცირდა

0
205

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა ავარიებისა და უბედური შემთხვევების შესახებ სამი კვარტლის მონაცემები წარადგინა. ეკა ლალიაშვილის განმარტებით, წინა წელთან შედარებით, სტატისტიკა გაუმჯობესებულია. კერძოდ, ათი პროცენტით შემცირდა ავტოსაგზაო შემთხვევები, ორი პროცენტით სიკვდილიანობა და ათი პროცენტით დაშავებულთა რაოდენობა.

ლალიაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, მომავალი წლიდან უფრო მეტი ყურადღება მიექცეს, ავტოსკოლების ლიცენზიებს, რადგან სასწავლო დაწესებულება ფუნქციას ვერ ასრულებენ და სათანადო ცოდნას ვერ აძლევს მოსწავლეებს. ასევე, ორგანიზაციის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ აუცილებელია, ცნობიერების ამაღლება სკოლამდელი ასაკის ბავშვებიდან დაიწყოს. ეკა ლალიაშვილი ამბობს, რომ ტექინსპექტირება აუცილებელი რეფორმა იყო, თუმცა ვერ ჩააბარა გამოცდა გამონაბოლქვის შემცირების კუთხით. ლალიაშვილს მიაჩნია, რომ მომავალი წლიდან სახელმწიფომ უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს გამონაბოლქვის პრობლემას.

„სამი კვარტლის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, იკვეთება ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწევი სხვადასხვა მიზეზი, საიდანაც პირველი და წამყვანია სიჩქარის გადაჭარბება, მანევრირების წესების დარღვევა, მაგრამ ასევე უნდა ითქვას, რომ წლის განმავლობაში გამოიკვეთა არასრულწლოვნების მიერ გამოწვეული მძიმე საგზაო შემთხვევები, როდესაც არაერთი არასრულწლოვანი დაიღუპა. ასევე, ახალბედა მძღოლების მიერ გამოწვეული შემთხვევები, რომლებსაც ახალი აღებული ჰქონდათ მართვის მოწმობა.

სტატისტიკურად, ზოგადი მდგომარეობა თითქოსდა გაუმჯობესებულია. ავტოსაგზაო შემთხვევები 10 პროცენტითაა შემცირებული, გარდაცვალების შემთხვევები მცირედით – ორი პროცენტით, მაგრამ შემცირებულია. თუმცა, იმდენად ხშირად გვესმის ბოლო დროს ერთი საგზაო შემთხვევის დროს რამდენიმე პირის დაღუპვის შესახებ, რომ ვერ შევაფასებთ სრულად, ვიდრე არ ვნახავთ მეოთხე კვარტლის მონაცემებს.

კანონი ჯერ არ არის ძალაში შესული, მაგრამ ახლო მომავალში მხოლოდ 18 წლიდან შეძლებს ახალგაზრდა მართვის მოწმობის აღებას. თუმცა, ამის პარალელურად, მნიშვნელოვანია ავტოსკოლების ლიცენზირება. ვფიქრობ, შემდეგი წლისთვის უნდა გავამახვილოთ ყურადღება ამაზე. ჩვენ მუდმივად ცნობიერების დაბალი დონის გამო შექმნილი საფრთხეები გვექნება. გამოკვეთილად, ახალბედა მძღოლებში და არასრულწლოვანებში ვხვდებით ამ პრობლემას, რაც ნიშნავს, რომ ავტოსკოლები ჯეროვნად ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, ისინი ვერ აძლევენ იმ ცოდნას მომავალ მძღოლებს, რაც გზებზე უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. უცხო ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით, ვფიქრობ, შემდეგი წლიდან უნდა დაიწყოს ხელისუფლებამ იმაზე ფიქრი, თუ როგორ მოხდეს ავტოსკოლების ლიცენზირება“, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.