ჯგუფური აზროვნების მინუსები ამერიკისთვის – ვინ უბიძგა სარისკო ნაბიჯზე მიხეილ სააკაშვილს?

0
245

აშშ-ის ჟურნალ «The National Interest»-ში გამოქვეყნებულ სტატიაში გაანალიზებულია ამერიკის შეერთებული შტატებისა და საერთოდ, დასავლეთის დამოკიდებულება უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მიმართ. მასში ხაზგასმულია, რომ დღეისათვის დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში და ანალიტიკოსებში გაბატონებულია ე.წ. „ჯგუფური აზროვნება“ – ანუ ისეთი მიდგომა,  რომლის თანახმად, უკრაინის მიმართ ყველას ერთნაირი პოზიცია უნდა ჰქონდეს: მათ უნდა სჯეროდეთ, რომ უკრაინა იჩაგრება აგრესორი რუსეთისაგან და რომ იმავდროულად უკრაინა დასავლეთისთვის ერთგვარ ფარს წარმოადგენს. პუბლიკაციის ავტორია ჯორჯ ბიბი, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს რუსეთის პოლიტიკის ანალიზის განყოფილების ექს-ხელმძღვანელი.

გთავაზობთ ამონარიდებს ვრცელი პუბლიკაციიდან:

————-

უკრაინაზე ფიქრის დროს გვახსოვდეს ერაყი და ვიეტნამი

„ჩვენ შეგვიძლია უფრო ზომიერად მივუდგეთ საკითხს და მოსკოვი დავარწმუნოთ – უკრაინა არ ითვლება ნატოში მისაღებ კანდიდატად და ის ალიანსში ვერასდროს ვერ გაწევრიანდება“, – აღნიშნავს ავტორი. იგი აღიარებს, რომ კრიტიკის რისკის წინაშე დგას – მისი სიტყვები ხომ დოგმებისაგან გადახვევას წარმოადგენს. შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის მიმართ განსხვავებული პოზიციის გაჟღერება დღეისათვის აშშ-ში სახიფათოა და ბევრად უფრო ძლიერ სახიფათო, ვიდრე ეს ვიეტნამისა და ერაყის ომების დროს იყო (იმ დროს ყველა – პოლიტიკოსებიც და ანალიტიკოსებიც – დარწმუნებულნი იყვნენ, რომ აშშ სწორად მოქმედებდა, მაგრამ საბოლოოდ მათი რწმენა ილუზია აღმოჩნდა).

„აშშ-ში ბევრი პოლიტიკოსი უკრაინის ფუნდამენტურ პრობლემებს არ იცნობს. ბევრმა არ იცის, რომ თვით უკრაინულ საზოგადოებაში რუსეთთან და დასავლეთთან მიმართებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. შესაბამისად, რაც უფრო მიუახლოვდება უკრაინა ნატოში გაწევრიანებას, მით უფრო აქტიური იქნება ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში რუსულენოვანი მოსახლეობის გამოსვლა კიევის წინააღმდეგ… და რაც უფრო დაუახლოვდება რუსეთს უკრაინა, მით უფრო მწვავე იქნება ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში ნაციონალისტთა წინააღმდეგობა. გასაგებია, რომ მოსკოვს დონბასში სეპარატისტული მოძრაობა ცარიელ ადგილზე არ შეუქმნია, მაგრამ არც ვაშინგტონს არ დაუკლია ხელი მაიდანზე გამოსვლებისათვის. ასე რომ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ უკრაინას მთლიანად გადაითრევს რუსეთის ან დასავლეთის ორბიტაზე, მას ცრუ წარმოდგენები აქვს და ასეთი მიდგომა საბოლოო ჯამში წარუმატებელი იქნება.

ამგვარი ცრუ წარმოდგენების ერთ-ერთ გამოვლინებას წარმოადგენს თეზისი, რომლის თანახმად, თუ აშშ უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუწევს, ამით რუსეთის აგრესიას შეაკავებს და მშვიდობის მიღწევის შანსს განამტკიცებს.

ვინ უბიძგა სარისკო ნაბიჯზე მიხეილ სააკაშვილს?

2008 წელს ჩვენი პოლიტიკა საქართველოს მიმართ სწორედ ისეთი იყო, როგორსაც დღეს უკრაინის მიმართ ვახორციელებთ – ისეთივე სიგნალები, ისეთივე დაპირებები… ჩვენ დარწმუნებულნი ვიყავით, რომ რუსეთს საქართველოს რომელიღაც ტერიტორიების ხელში ჩაგდება სურდა, ამიტომ თბილისს სამხედრო დახმარება გავუზარდეთ, საქვეყნოდ გამოვაცხადეთ და აღვუთქვით ქართველებს, რომ დადგება დრო და მათ ქვეყანას აუცილებლად მივიღებთ ნატოს წევრად, არაერთხელ გავაფრთხილეთ რუსეთი აგრესია არ განეხორციელებინა თბილისის წინააღმდეგ და ვვარაუდობდით, რომ ჩვენი ეგზომ მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ომს თავიდან ააცილებდა.

სინამდვილეში კი რა მოხდა? ჩვენი პოლიტიკით თურმე უნებლიეთ ვაქეზებდით და ვუბიძგებდით მხარეებს ომისაკენ. კრემლი შეშფოთებული იყო ნატოს სავარაუდო გაფართოებით, ხოლო საქართველოს პრეზიდენტს რწმენა გაუჩნდა იმისა, რომ საქართველო გამორჩეულად მნიშვნელოვანია ვაშინგტონისათვის და შესაბამისად, მას შეუძლია ძალით დაიბრუნოს, გააკონტროლოს სამხრეთ ოსეთის ანკლავი და იმავდროულად შიში არ ჰქონდეს იმისა, რომ ამერიკა საქართველოს ბედის ანაბარად მიატოვებს. საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა არაერთხელ და არაორაზროვნად გააფრთხილა მიხეილ სააკაშვილი – არ გაეგრძელებინა ასეთი კურსი, მან მაინც გარისკა. მისი ნაბიჯის შედეგი გახდა ომი, რომელიც საქართველომ სუფთად წააგო.

საქართველო-რუსეთის კონფლიქტი არ ყოფილა პირველი და ბოლო შემთხვევა, როცა ამერიკელმა ექსპერტებმა აბსოლუტურად ერთხმად და იმავდროულად არასწორად შეაფასეს უცხოეთის სახელმწიფოს განზრახვები და შეცდნენ იმაში, რომ შეიძლებოდა აგრესიის შეკავება და მისი თავიდან აცილება. მსგავსი სიტუაცია იყო პირლ-ჰარბორზე იაპონიის თავდასხმის წინაპერიოდშიც…

მოკლედ, ჯგუფურ აზროვნებას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესებისათვის ზიანის მოტანა შეუძლია. ასე იყო ვიეტნამის ომის დროს, ასე იყო ერაყის მიმართ, ასე იყო საქართველოშიც 2008 წელს… და ეს დღეს ხდება უკრაინაშიც“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

———–

წყარო: https://nationalinterest.org/feature/groupthink-resurgent-106951