ირაკლი კობახიძის განცხადებით, 17-ვე ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს

0
24

როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატები. შესაბამისად, მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, 2016 წლის ანალოგიურად, სამწუხაროდ, ოპოზიციამ ამჯერადაც უარი თქვა მეორე ტურში მონაწილეობაზე. თუმცა, მიუხედავად ოპოზიციის საბოტაჟისა, ნახევარ მილიონზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ დღეს გამოავლინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე. ჩვენ გვაქვს კენჭისყრის წინასწარი მონაცემები. როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატები. შესაბამისად, მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. ოპოზიციურ პარტიებსა და ბლოკებს შორის კი, მანდატები შემდეგი სახით განაწილდება: – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 36 მანდატი; – ევროპული საქართველო – 5 მანდატი; – ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, პატრიოტთა ალიანსი და გირჩი – 4-4 მანდატი; – მოქალაქეები – 2 მანდატი; – ლეიბორისტული პარტია – 1 მანდატი. შედეგად, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით შეთანხმებული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, ჩამოყალიბდა მრავალპარტიული პარლამენტი, სადაც წარმოდგენილია 9 პოლიტიკური სუბიექტი და სადაც მმართველი პარტია არ ფლობს ჭარბ უმრავლესობას. ეს არის უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე. დარწმუნებული ვართ, ახალი, მრავალპარტიული პარლამენტი გახდება საუკეთესო პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. მომავალი პარლამენტი უნდა გახდეს უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ინსტრუმენტი იმ ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში გლობალურმა პანდემიამ შექმნა. თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მინდა მივულოცო საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულება. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს მხარდამჭერებს გამოცხადებული ნდობისთვის. ამ ნდობის გასამართლებლად „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს. მოგვიანებით გაგაცნობთ მეორე ტურის დაზუსტებულ შედეგებს“ -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

საქართველოს მასშტაბით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის პროცედურა დასრულდა. ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება სწორედ 20:00 საათამდე ჰქონდა. 17 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურში 7 პარტიის წარმომადგენლები გავიდნენ. თუმცა ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს და მეორე ტურში არ მონაწილეობს.

21 ნოემბრის არჩევნების მეორე ტურზე, ამომრჩევლებს 1914 საარჩევნო უბანი ემსახურებოდა. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 140 210 იყო.