თამარ გაბუნია – ჯერ კიდევ არ ვიცით, ჩვენთვის პიკი არის 4 000, თუ შეიძლება, შემთხვევებმა კიდევ მოიმატოს

0
52

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი მზარდია და 4 000-ს უახლოვდება. მისივე თქმით, ჯერ უცნობია, საქართველოსთვის პიკი დღეში 4 000 ახალი შემთხვევაა თუ მოსალოდნელია კიდევ ზრდა.

„შემთხვევების რაოდენობა სტაბილურად მზარდია და ვუახლოვდებით 4 000-ს. ასევე, საყურადღებოა, რომ ჯერ კიდევ არ ვიცით, 4 000 არის ჩვენთვის პიკი, თუ შეიძლება, რომ კიდევ შემდეგი ზრდაც ვნახოთ. მაქსიმალურად ხდება პრევენციული ზომების მობილიზება და იმაზე საუბარი, კიდევ რისი გაკეთება შეიძლება. ასევე, რა თქმა უნდა, ჰოსპიტალური სექტორის, პირველადი ჯანდაცვისა და სასტუმროების მობილიზებაც ხდება. შემდეგი სარეზერვო მოცულობა არის 7 000-მდე გაიზარდოს საწოლფონდი და მაქსიმალური, რაც შეიძლება სისტემამ დიდი დატვირთვით გაიაროს, ეს იქნება 8 000-მდე საწოლი, თუმცა ეს არის მაქსიმალური მობილიზების სქემაში. საქართველომ დამატებითი სივრცეების სახით გამოიყენა სასტუმროები, რაც ძალიან კომფორტული მოდელია. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, სასტუმროში სერვისი გახდეს მეტად განვითარებული“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ იმ შეზღუდვებზეც ისაუბრა, რაც შესაძლოა, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესდეს. მისი თქმით, შეზღუდვები, რაზეც საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს, მაქსიმალურად დაბალანსებული იქნება როგორც ადამიანის ჯანმრთელობის, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.

„საუბარი მიდის იმაზე, რომ ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც დაწესდება, იყოს დაბალანსებული, როგორც ჯანმრთელობის ინტერესების კუთხით, ასევე ეკონომიკური ინტერესების კუთხით. ამდენად, ის, რაზეც საკოორდინაციო საბჭო მსჯელობდა აქამდე და კიდეც იმსჯელებს მომდევნო დღეებში, იქნება იმგვარი, რომ მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ბიზნესს, სასიცოცხლო და სტრატეგიული მნიშვნელობების ობიექტების ფუნქციონირებას, მაგრამ ამავე დროს, ხელს შეუწყობს, რომ პრაქტიკაში დავნერგოთ ის შეზღუდვები, რაც მოგვცემს შედეგს. აქ არის საუბარი იმაზე, რაც უკვე ძალაშია – საათობრივი შეზღუდვები, გარკვეულწილად ტრანსპორტის გადაადგილების რეჟიმის მოდიფიცირება, ასევე დისტანციური მუშაობა, დისტანციური სწავლა. ეს არის ის მექანიზმები, რაც შეგვიძლია, რომ გამოვიყენოთ“, – განაცხადა გაბუნიამ.