15:00 საათის მონაცემებით, სამგორში ამომრჩეველთა აქტივობა 15%-ია – ცესკო

0
25

15:00 საათის მონაცემებით, სამგორის საარჩევნო ოლქში 21 500-მა მოქალაქემ თავისი არჩევანი უკვე გააკეთა, რაც საერთო ამომრჩევლების რაოდენობის 15%-ს შეადგენს.

სამგორის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, ეკატერინე მოდებაძის ინფორმაციით, აქტივობა წინა ტურთან შედარებით დაბალია. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ჯერ არ დაფიქსირებულა საჩივრები და საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

დღეს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში ტარდება. არჩევნების პირველ ტურში 13 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, ცესკოს ინფორმაციით, ბიულეტენების 100%-ის დათვლის შემდეგ შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ – 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ – 27,18%; „ევროპული საქართველო“ – 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.

ოპოზიცია პირველი ტურის შედეგებს არ აღიარებს, ოფიციალური განცხადებების თანახმად, მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. მმართველ გუნდში კი ამტკიცებენ, რომ სიტყვიერი უარის მიუხედავად, ოპოზიცია საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის მობილიზებას ცდილობს.