თბილისის საკრებულო დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს

0
209

დედაქალაქის საკრებულო დღეს თბილისის ბიუჯეტს დაამტკიცებს. თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტს მერი, კახა კალაძე წარადგენს.

2020 წელს დედაქალაქისთვის 1,21 მილიარდი ლარი სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში დაიხარჯება.

თბილისის 2020 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტები სოციალური და ჯანდაცვის პროექტები იქნება. საერთო თანხის 28% უკვე გაწერილია: მომავალ წელს 28 პროგრამის განსახორციელებლად 56 მილიონი ლარი დაიხარჯება. ჯანდაცვის კუთხით ერთ-ერთი მიმართულება სიმსივნით დაავადებული პაციენტებისთვის მედიკამენტების დაფინანსება იქნება. ბიუჯეტის პროექტში სპეციალური სახსრებია გამოყოფილი მრავაშვილიანი ოჯახებისთვისაც.

პრიორიტეტად რჩება სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებაც. თბილისის მერმა უკვე ისაუბრა რამდენიმე დაგეგმილი პროექტის შესახებ, რომელთა შორის ვაჟა-ფშაველას და წერეთლის გამზირების რეაბილიტაცია იქნება. გარდა ამისა, 2020 წლის ბიუჯეტით დედაქალაქის მთავრობაში ყვითელი ავტობუსების სრულად ჩანაცვლებას და მიკროავტობუსების პარკის განახლებას გეგმავენ.

ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს ოპოზიცია. „ქართული ოცნების“ ოპონენტები ამტკიცებენ, რომ მერია საშტატო ერთეულების გაზრდას აპირებს/ უმრამვლესობაში ბრალდების საპასუხოდ განმარტავენ, რომ საუბარია მუნიციპალური ლაბორატორიის შტატგარეშე თანამშრომლებზე, რომლებიც მომავალი წლიდან შტატში იქნებიან.