იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტისთვის წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ექვსი კანდიდატი შეარჩია

0
224

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტისთვის წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ექვსი კანდიდატი შეარჩია.

შერჩეული კანდიდატები არიან: ილონა თოდუა, ნინო სანდოძე, გიორგი ტყავაძე, გენადი მაკარიძე, პაატა სილაგაძე, თეა ძიმისტარაშვილი.

კენჭისყრა ორ ეტაპად გაიმართა. საბჭოს წევრებმა კონკურსის ფარგლებში გასაუბრების ეტაპზე გადასული 50 კანდიდატიდან ჯერ ექვსი შეარჩიეს, ხოლო შემდეგ სიის პარლამენტისთვის წარდგენას უყარეს კენჭი.

მას შემდეგ, რაც უზენაეს სასამართლოში არსებულ 20 ვაკანტურ ადგილზე პარლამენტში დაამტკიცეს 14 მოსამართლე, უმაღლეს ინსტანციაში დარჩა ექვსი ვაკანტური ადგილი.

ვინაიდან კანდიდატებს უკვე აქვთ გავლილი გასაუბრება საბჭოში, აღნიშნულ პროცედურას მოსამართლეები მხოლოდ პარლამენტში გაივლიან. იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო ორგანოში კვლავ ვერ მოხდება აღნიშნული ვაკანსიების შევსება, კონკურსი ხელახლა გამოცხადდება.