დღეს თემურ ჩხეიძის დაბადების დღეა

0
51

დღეს, 18 ნოემბერს თემურ ჩხეიძის დაბადების დღეა. რეჟისორს 77 წელი შეუსრულდა.

თემურ ჩხეიძე 1943 წლის 18 ნოემბერს თბილისში დაიბადა. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე დიმიტრი ალექსიძისა და მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნოს დამთავრების შემდეგ მოღვაწეობდა ზუგდიდის დრამატულ, მოზარდ მაყურებელთა ქართულ და რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრებში; კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად; 1991 წლიდან 22 წლის განმავლობაში სანკტ პეტერბურგის დიდი თეატრის ჯერ რეჟისორად, შემდეგ მთავარ რეჟისორად და 2007 წლიდან, 6 წლის განმავლობაში სამხატვრო ხელმძღვანელად. 2013 წლიდან თემურ ჩხეიძე სანკტ პეტერბურგიდან საბოლოოდ ბრუნდება და საქართველოში განაგრძობს მოღვაწეობას.

2014 წლიდან ფუნქციონირება დაიწყო თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრმა, თემურ ჩხეიძის სახელოსნომ, რომელსაც თავად რეჟისორი ხელმძღვანელობს.

წლების განმავლობაში საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილი თეატრების სცენაზე თემურ ჩხეიძეს დადგმული აქვს სამოცდაათზე მეტი სპექტაკლი, ასევე, გადაღებული აქვს სატელევიზიო სპექტაკლები.

თემურ ჩხეიძე არის საქართველოსა და რუსეთის სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილის, შოთა რუსთაველის, მიხეილ თუმანიშვილისა და კიდევ მრავალი პრემიის ლაურეატი, „ოქროს გრან-პრის“, კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდოს „ხელოვნების ქურუმისა“ და სხვადასხვა ჯილდოს მფლობელი.