ბედნიერია ჩვენი ქვეყანა, რომ ასეთი სულიერი მამა ჰყავს – ბიძინა ივანიშვილი

0
166

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა ბედნიერია, ასეთი სულიერი მამა რომ ჰყავს.

მისი თქმით, უდიდესია  ჩვენი დედაეკლესიის წვლილი და მისი უწმინდესობის, პატრიარქის წვლილი იმ დაბნეულობის დროს, როდესაც აბსოლუტურად საჭიროებდა ერი სწორებას.

„მოგესალმებით ყველას და გილოცავთ დღევანდელ დღეს. ვულოცავ ჩვენს საყვარელ პატრიარქს, მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავს. მოგეხსენებათ, როგორი რთული იყო ეს 42 წელი, როგორი განსაცდელი ჰქონდა ჩვენს ქვეყანას, რამდენიმე წლის წინ თუ გნებავთ. 42 წლის განმავლობაში უამრავი გამოწვევა და განსაცდელი გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ. უდიდესია ჩვენი დედაეკლესიის წვლილი და მისი უწმინდესობის, პატრიარქის წვლილი იმ დაბნეულობის დროს, როდესაც აბსოლუტურად საჭიროებდა ერი სწორებას. ძალიან ხშირად ყველაზე დიდი საყრდენი და სწორებაც სწორედ ეკლესია და მისი უწმინდესობა გახლდათ. დღესაც, მოგეხსენებათ, რომ რთულია ჩვენი ყოფითი თუ სულიერი ცხოვრება და ამას ყველაფერს სჭირდება ძალიან ორგანიზებული და გააზრებული მართვა. როგორც სახელმწიფო, ისე ეკლესია თავის ფუნქციებს ძალიან გააზრებულად და მომართულად ასრულებენ, რათა ჩვენ ყველა გამოწვევა გადავლახოთ და ჩვენი ქვეყანა გამარჯვებისკენ წავიყვანოთ. ბედნიერია ჩვენი ქვეყანა, რომ ასეთი სულიერი მამა ჰყავს. ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ვუსურვოთ ჩვენს საყვარელ პატრიარქს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

შეგახსნებთ, რომ დღეს მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში უწმინდესობას აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავს აღნიშნავენ.