აშშ-ისგან არის მკაფიო გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარებაზე ხელი არავის წაუცდეს – დიმიტრი ცქიტიშვილი

0
198

დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს საბიუჯეტო კანონი  შეიცავს ჩანაწერს საქართველოს რეგიონების არაღიარების თვალსაზრისით.

ცქიტიშვილის თქმით, აღნიშნული აშშ-ის მხრიდან მთელი მსოფლიოსთვის მკაფიო გზავნილს წარმოადგენს.

„ეს უკვე მეორე წელია, ხორციელდება და პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ავტომატურ რეჟიმში თუ ვინმე აღიარებს საქართველოს ტერიტორიებზე დე ფაქტო წარმონაქმნების დამოუკიდებლობას, ისინი ავტომატურად სანქციების რეჟიმში ექცევიან ამერიკის მხრიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მკაფიო გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ არც ერთს წაუცდეს ხელი, რომელიმე ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, თუნდაც ისეთს, რომელიც მეტ-ნაკლებად დამოკიდებულია რუსეთის პოლიტიკაზე, რომ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება მოახდინოს. ეს საქართველოს, საერთაშორისო სამართლის და მსოფლიო საერთაშორისო სამართლის პრინციპების მკაფიო მხარდაჭერაა. ამერიკის შეერთებული შტატები ამის სადარაჯოზე დგას“ ,- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

აშშ-ის 2020 წლის თავდაცვის საბიუჯეტო კანონის სრული ტექსტი, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი, დღეს გასაჯაროვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის აქტში საქართველოსთვის განკუთვნილი თანხა მნიშვნელოვნად გაზრდილია და 132 025 000 აშშ დოლარს შეადგენს, რაც საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულს წარმოადგენს.

საქართველოს საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ აშშ-ს საბიუჯეტო კანონი კვლავ შეიცავს ჩანაწერს საქართველოს რეგიონების არაღიარების თვალსაზრისით.