ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი ბირთვული ძალების გაძლიერებას გააგრძელებს

0
268

რუსეთი ბირთვული ძალების გაძლიერებასა და ახალი რაკეტების განვითარებას გააგრძელებს, ვიდრე იარაღის კონტროლის სფეროში ახალი შეთანხმება იქნება მიღწეული. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის სამინისტროში გამართული ყოველწლიური შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ იარაღზე კონტროლის სფეროში ახალ შეთანხმებაზე, თუმცა ამ პროცესის დაწყებამდე ჩვენ გავაგრძელებთ საკუთარი ბირთვული ძალების გაძლიერებას. მე ვგულისხმობ სტრატეგიული სარაკეტო ძალების „ავანგარდისა“ და იარაღის თანამედროვე კომპლექსებით გადაიარაღებაზე, საზღვაო სარაკეტო ძალების კი ბორეი-ას კლასის წყალქვეშა რაკეტებზე. და,რა თქმა უნდა, გეგმურად გავაგრძელებთ სხვა სარაკეტო სისტემების შექმნაზე მუშაობას, რომლებსაც შეუძლიათ უზრუნველყონ რუსეთისა და ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ აგრესიის გარანტირებული შეკავება“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

რუსეთის წინაშე არსებულ რისკებს შორის ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის მიერ მცირე და საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტების განადგურების შესახებ შეთანხმებიდან გასვლა და ნატო-ს გაფართოება დაასახელა.

„შეიარაღებული ძალების მდგომარეობის საერთო ანალიზი აჩვენებს მათ მაღალ საბრძოლო მზადყოფნას. შეიარაღებული ძალების ყველა სახეობას შეუძლია, შეასრულოს თავისი ამოცანები, უზრუნველყოს რუსეთის უსაფრთხოება და მშვიდობა. ეს პრინციპულად და უკიდურესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო სიტუაციისა და აქ არსებული რისკების გათვალისწინებით. არ კლებულობს დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში, ავღანეთში, კორეის ნახევარკუნძულზე. ჩვენს საზღვრებთან ფართოვდება ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა. სერიოზულ შეშფოთებას იწვევს შეიარაღებაზე კონტროლის სისტემის დეგრადაცია“, – განაცხადა პუტინმა.