რუსი ექსპერტის კომენტარი: „როგორი ახლოც არ უნდა იყოს ანკარის, ბაქოსა და თბილისის პოზიციები ერთმანეთთან, მათ სრულიად ტოლფასოვნად მაინც ვერ ჩავთვლით“

0
258

ცნობილი რუსი ექსპერტ-პოლიტოლოგი სერგეი მარკედონოვი კომენტარს უკეთებს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების – დავით ზალკალიანის, ელმარ მამედიაროვისა და მევლიუთ ჩავუშოღლუს შეხვედრას, რომელიც გუშინ, 23 დეკემბერს თბილისში გაიმართა. სამიტის ფონზე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ 2020 წლის მაისში საქართველოს ვიზიტით თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი ეწვევა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მაღალ დონეზე შეაფასა „კავკასიური გეოპოლიტიკური სამკუთხედის“ – სამი მეზობელი ქვეყნის საგარეოპოლიტიკურ უწყებათა მეთაურების თანამშრომლობა, რომელიც, მისი თქმით, სტრატეგიულ ხასიათს ატარებს.

„გარეგნულად ყველაფერი მშვენივრად გამოიყურება, მაგრამ განა მართლა ესოდენ მტკიცე და უპრობლემოა სამი პარტნიორი ქვეყნის ურთიერთობა? ვფიქრობთ, რომ მთლად ასე არ არის, თანაც კავკასიის რეგიონში შექმნილი რთული სიტუაცია სწრაფი პასუხის გაცემის შესაძლებლობას არ იძლევა“, – ამბობს სერგეი მარკედონოვი და ხაზს უსვამს: „როგორი ახლოც არ უნდა იყოს ანკარის, ბაქოსა და თბილისის პოზიციები ერთმანეთთან მიმართებით, მას სრულიად ტოლფასოვნად მაინც ვერ ჩავთვლით“.

რუსი ექპერტი იქვე განმარტავს, თუ რით განსხვავდება ერთმანეთისაგან სამი მეზობლის საგარეო პოლიტიკა, რა პრობლემები აქვთ მათ ერთმანეთთან და რატომ არ ჩაითვლება მათი მდგომარეობა ტოლფასოვნად:

„პირველ რიგში იმიტომ, რომ ამ „სამკუთხედში“ აშკარად ჩანს ყველაზე სუსტი მოთამაშე ეკონომიკური თვალსაზრისით – საქართველო. ყველა სამმხრივ პროექტში თბილისის მონაწილეობა დამოკიდებულია ანკარის ან ბაქოს დაფინანსება-ინვესტიციებზე;

მეორე მომენტი ისაა, რომ ყველა სამივე ქვეყანა, დასავლეთთან და რუსეთთან  თავიანთ მიდგომებში ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება: მაშინ, როცა თბილისს ნატოში გაწევრიანება სურს და მოსკოვის მოქმედებას „საოკუპაციო პოლიტიკად“ მიიჩნევს, აზერბაიჯანი და თურქეთი რუსეთთან კოოპერაციით არიან დაინტერესებულნი, თანაც დასავლეთისათვის არასაზიანოდ. არც ბაქოს და არც ანკარას აშკარად არ სურთ მოსკოვს თბილისის თვალებით უყურონ. და თუ საქართველო ამერიკას უმნიშვნელოვანეს სტრატეგიურ ორიენტირად თვლის, ანკარა პირიქით – ოკეანისიქითა ნატოელ მოკავშირესთან დისტანცირებას ცდილობს. იგივეს აკეთებს თურქეთი ბრიუსელთანაც მიმართებით;

მესამე გარემოება – საქართველოს და აზერბაიჯანს ერთმანეთთან მოუგვარებელი სასაზღვრო პრობლემა აქვთ (დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი). ბოლო დროს ეს პრობლემა თბილისს და ბაქოს თავს რეგულარულად ახსენებს. ამას დავამატოთ საქართველოში ორი მრავალრიცხოვანი დიასპორის – სომხურისა და აზერბაიჯანულის არსებობა (ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მხარეებში). სხვათა შორის, სომხური მოსახლეობის ფაქტორი თბილისისათვის ერთგვარი მუხრუჭის როლს ასრულებს, რომ საქართველომ საბოლოოდ არ დაიწყოს დრეიფი აზერბაიჯანისაკენ. ამ კონტექსტში უნდა გავიხსენოთ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადება აფხაზეთში სომხური ეკლესიების იურისდიქციის თაობაზე, რომელიც ერევნის მიმართ კრიტიკულად გაისმა.

მოკლედ, რაც არ უნდა იყოს, თბილისი მზად არ არის ერევანსა და ბაქოს შორის მკაფიო არჩევანის გასაკეთებლად. იგივე ვითარებაა სომხეთთან და თურქეთთან მიმართებითაც: საქართველო ცდილობს ერევანთანაც კარგად იყოს და ანკარასთანაც“, – აღნიშნავს კომენტარის დასასრულს სერგეი მარკედონოვი.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

———–

წყარო: https://infoteka24.ru/2019/12/24/53705/