ვერანაირი თარგმანი ვერ დაამახინჯებს იმას, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში რეალურად წერია – გია ვოლსკი

0
204

პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ვერანაირი თარგმანი ვერ დაამახინჯებს იმას, რაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში რეალურად წერია.

„რამოდენიმე დღის წინ, საკმაოდ ხაზგასმით იგივე იყო ნათქვამი ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მიერ. ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი მთავარი პარტნიორი, მიესალმება მეოთხე ტალღას, რომელიც სასამართლო რეფორმაში ხორციელდება. ამასთანავე, მოუწოდებს, რომ პოლიტიკურმა მხარეებმა მოლაპარაკების მაგიდასთან და არა ქუჩაში გადაწყვიტონ დაპირისპირებულ პოზიციებზე საბოლოო შეთანხმების საკითხი. ეს არის მთავარი. ამას როგორი ინტერპრეტაცია უკეთდება, ესაა მცდელობა იმისა, რომ რაღაცნაირად გამოიყენონ და კვლავ სპეკულაცია მოახდინონ, თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციის“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, „ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი პროკურატურისა და სასამართლოს პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლებაზე საუბრობს“, ვოლსკიმ უპასუხა, რომ პროკურატურაც, სასამართლოც და ნებისმიერი სახელმწიფო უწყების საქმიანობა უნდა დაიხვეწოს და გაძლიერდეს.

„განსაკუთრებით საინტერესოა პროკურატურის საქმიანობა, პროკურატურას საზოგადოებაში  მეტი ნდობა უნდა ჰქონდეს, ვიდრე აქვს, მაგრამ ახლა უკვე გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე 2012-მდე გვქონდა. ეს არის ფაქტი. ამ ფაქტის გადაფარვა არის მთავარი ამოცანა, რომელსაც დღეს ემსახურება პროპაგანდა, მათ შორის გარკვეული მედიასაშუალების გამოყენებით. ეს არის რეალობა. კონკრეტული საქმეები უნდა დაასახელოს ადამიანმა, სადაც ან პროკურატურას აქვს არასწორი გადაწყვეტილება გამოტანილი ან სასამართლოს. გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა რითია განპირობებული იმაზე კი არ საუბრობენ, საუბრობენ, რომ რადგან გიგი უგულავა პოლიტიკური ლიდერია ან ჩემულობს, რომ ასეთი იყოს, აქედან გამომდინარე თურმე არც პასპორტი უნდა ჩამოართვა და ადამიანები, რომლებიც პარლამენტში შემოვარდნას ლამობდნენ რევოლუციური აჟიოტაჟის ფონზე, თურმე არც ისინი არ არიან დამნაშავეები, ვინაიდან გარკვეული პოლიტიკური პარტიების წევრები ან ლიდერები არიან. ეს ასე არ არის. მთავარია თემა, რა თემაზე ედავება პროკურატურა ან სასამართლო კონკრეტულ პირებს. ზოგი საზოგადოებრივ ორგანიზაციას ამოეფარა და ზოგი ტელევიზიას“ ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, ვოლსკის განმარტებით, ქვეყნის მთავარი პარტნიორის წინადადებები, მოსაზრებები, თუნდაც შენიშვნები მომავალ საქმიანობაში სახელმძღვანელო უნდა გახდეს და ამაში ცუდი არაფერია.

„სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში რომ წაიკითხოთ, რომელსაც ყველა ქვეყნის მიმართ აქვეყნებს, მათ შორის ევროპული ქვეყნების მიმართ, იქაც წერია გარკვეული შენიშვნები, კეთილი სურვილები და ამაში დასაძრახს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, მგონია, რომ მთავარი პარტნიორის წინადადებები და მოსაზრებები, თუნდაც შენიშვნები ჩვენი მომავალი საქმიანობის სახელმძღვანელო უნდა გახდეს“, – დასძინა გია ვოლსკიმ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია: „ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს. ჩვენ მივესალმებით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის პროგრესს და მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპებისადმი, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურის სისტემის უზრუნველყოფით. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან მუშაობას, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად“.