პოლიტიკა ეს არის გარკვეულწილად კომპრომისების ხელოვნება-ზაალ უდუმაშვილი

0
81

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ პოზიტიური ნაბიჯია, როდესაც მხარეები ერთმანეთს ხვდებიან და იწყებენ მოლაპარაკებას.

როგორც ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, წინასწარ რთულია იმის თქმა, რამდენად შედეგიანი იქნება მოლაპარაკებები, ეს დამოკიდებულია ხელისუფლებაზე, რადგან მათ კარგად იციან ოპოზიციის პოზიცია.

„ჩვენი პოზიციაა ხელახალი არჩევნები, ეს არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. გუშინ, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, იქ დამსწრე ოპოზიციური ლიდერებისგან, ეს იყო პოზიციების გაცვლა. პოზიციები არის რადიკალურად განსხვავებული, ახლა ველოდებით, მეორე რაუნდზე უკვე რა წინადადებით მოვა ხელისუფლება. არის თუ არა დათმობისთვის მზად ხელისუფლება, ეს გამოჩნდება შემდგომ რაუნდზე, რადგან გუშინ ამის შესახებ საუბარი არ ყოფილა, მხოლოდ პოზიციების დაფიქსირება იყო. რა წინადადებით მოვლენ შემდგომ შეხვედრაზე, ამას ვნახავთ, თუმცა რა თქმა უნდა, პოლიტიკა ეს არის გარკვეულწილად კომპრომისების ხელოვნება, თუმცა კომპრომისი ამ შემთხვევაში ოპოზიციის მხრიდან არ ითვალისწინებს ვაჭრობას იმ მანდატებით, რომელიც ჩვენ მოგვცა ამომრჩეველმა. ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა ოპოზიციას, დაუჭირა იმ ერთობას, რომელიც დღეს არის და შესაბამისად, კომპრომისზე ჩვენი ამომრჩევლის ნების ხარჯზე ვერ წავალთ“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, ბიულეტენების ხელახლა გადათვლა არის აბსურდი.

„გადათვლა ეს არის აბსურდი. რეალურად რომც გაიხსნას ეს უბნები, ისეთი რამე ხდება, რომ შეუძლებელია რეალურად დაინახო ის სურათი, რომელიც გამოხატა ქართულმა ამომრჩეველმა“, – განაცხადა უდუმაშვილმა.