ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის სასამართლო პროცესი ნაწილობრივ გაიხსნა

0
210

საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მიხეილ კალანდიას ადვოკატის შუამდგომლობა სხდომის ნაწილობრივ გახსნასთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ხორავას ქუჩაზე, ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის საქმის განხილვა, დღეიდან ნაწილობრივ, საჯარო გახდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე სამართალდამცველები და ექსპერტები იკითხებიან.

დღესვე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.

როგორც კალანდიას უფლებადამცველი აცხადებს, მან საჩივარი სასამართლო პროცესებზე დაკითხული სამი მოწმის წინააღმდეგ შეიტანა. მისი თქმით, აღნიშნული პირები ეჭვმიტანილი არიან დანაშაულის დაფარვაში.

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე, მოზარდებს შორის სისხლიანი გარჩევა 2017 წლის 1-ელ დეკემბერს მოხდა. ახალგაზრდებს შორის მოხდარი დაპირისპირების შედეგად ორი არასრწულოვანი – დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს. მიხეილ კალანდიას დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობას ედავებიან.

ოჯახი და ადვოკატი კალანდიას დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.