ფოთის ყოფილ მერს და მასთან ერთად დაკავებულ პირებს ბრალი წარედგინათ

0
252

ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს და ყოფილ მერს ირაკლი კაკულიას, ასევე მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

ადვოკატი ედიშერ ქარჩავა ესაუბრა ირაკლი კაკულიას, რომელიც თავს დამნაშავედ არ ცნობს და სამართლებრივი დავის გაგრძელებას გეგმავს. ადვოკატი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საქმე ჭორაობას ჰგავს და საფუძველსაა მოკლებული.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ირაკლი კაკულიას ბრალდება რამდენიმე მუხლით წარუდგინეს. ერთი შეხედვით, რაც ბრალს გავეცანი, ეს უფრო ვარაუდებზეა დამყარებული, ვინაიდან ბრალდების მიხედვით, რაც მე გადმომეცა, ჯერჯერობით ვერ ვხედავ, რომ ირაკლი კაკულიას მიმართ რაიმე პირდაპირი მტკიცებულებები იყოს“, – აცხადებს ადვოკატი.

მისი თქმით, ბრალდება აბსოლუტურად დაუსაბუთებელია.

„საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, ჩვენ შევეცდებით, წარდგენილი ბრალდება სრულიად გავაბათილოთ. სამართლებრივი დავის გაგრძელებას ვგეგმავთ, ვეცდებით ირაკლისთან ერთად კვალიფიციურად, დასაბუთებულად დავამტკიცოთ, რომ ის არის სრულიად უდანაშაულო“, – განაცხადა ირაკლი კაკულიას ადვოკატმა, ედიშერ ქარჩავამ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ოთხი პირი გუშინ დააკავეს, რომელთაგანაც სამი მოქმედი, ერთი კი, ყოფილი საჯარო მოხელეა. მათ შორის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და საკრებულოს ახლანდელი თავმჯდომარე ირაკლი კაკულია. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.