საქართველომ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა თანამშრომლობის ახალი სამოქმედო გეგმა გააფორმეს

0
249

თბილისში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

მანამდე კი ხელი მოეწერა აზერბაჯანის, საქართველოსა და თურქეთის რეპუბლიკების საგარეო საქმეთა მინისტრების მერვე სამმხრივი შეხვედრის თბილისის ერთობლივ განცხადებას.

დავით ზალკალიანის თქმით, დოკუმენტი ყველა სფეროში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საერთო ინტერესების კონკრეტულ ქმედებებსა და გეგმებს, ასევე, სამმხრივი თანამშრომლობის მექანიზმებს განსაზღვრავს.

ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მე-8 სამმხრივ შეხვედრაზე სამმხრივი ფორმატის 2020-22 წლების სამოქმედო გეგმა განიხილეს.

„დღეს ჩემთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლო აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების მორიგ სამმხრივ შეხვედრას ქალაქ თბილისში, რომელიც წარმოადგენს რეგიონული თანამშრომლობის ყოვლისმომცველ წარმატებულ მექანიზმს. ეს ფორმატი კარგ შესაძლებლობას გვაძლევს, განვიხილოთ სამმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ საკითხთა ფართო სპექტრი სხვადასხვა მიმართულებით. ეს გახლავთ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართული უკვე მერვე შეხვედრა, რაც სამმხრივ ფორმატში ჩვენი მყარი პოლიტიკური დიალოგის მაჩვენებელია. როგორც მოგეხსენებათ, ორმხრივ დონეზე საქართველოს უერთიერთობები აქვს აზერბაიჯანთან და თურქეთთან. ეს ორი ქვეყანა საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს პოლიტიკის, სავაჭრო- ეკონომიკურ, კულტურის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის და სხვა მრავალ სფეროს. დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ერთობლივ განცხადებას და „2020-2022 წლების სამმხრივი სექტორული თანამშრომლობის ახალ სამოქმედო გეგმას“, სამმხრივი ფორმატის მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს ყველა სფეროში ჩვენი საერთო ინტერესების კონკრეტულ ქმედებებსა და გეგმებს, ასევე, სამმხრივი თანამშრომლობის მექანიზმებს“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ზალკალიანის განმარტებით, შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთობლივ რეგიონალურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ პროექტზე დისკუსიას.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთობლივ რეგიონულ სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებზე დისკუსიას. დაფიქსირდა ტრანსკასპიური მილსადენის პროექტის რეალიზაციის მნიშვნელობა და საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის როლი, კასპიის რეგიონიდან ევროპის მიმართულებით ენერგორესურსების ტრანსპორტირების საკითხში და ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ხაზი გაესვა უკვე წარმატებულად განხორციელებულ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზერუმის ენერგეტიკულ პროექტებს. ამავდროულად, მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, რომ გაგრძელდეს კოორდინაცია სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის სრულყოფილად რეალიზაციისათვის. ასევე, აღინიშნა ტრანს-ანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის (TANAP) პროექტის მე-2 ეტაპის დასრულების მნიშვნელობა, რომლის ინაუგურაციაც სულ ცოტა ხნის წინ, 30 ნოემბერს გაიმართა თურქეთში. 

“უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის განხორციელება ხელს უწყობს ახალი რეალობის ჩამოყალიბებას ევროპული ენერგოუსაფრთხოების არქიტექტურაში. აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი სტრატეგიული მდებარეობის და სატრანსპორტო პოოტენციალის გათვალსიწინებით, ცხადია, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამშრომლობის გაღრმავებას ევროპა აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის შეუფერხებელი ფუქნციონირებისთვის. ამ თვალსაზრისით, გამოვხატეთ მზაობა, განვაგრძოთ მჭიდრო ურთიერთობა მაქსიმალურად მიმზიდველი პირობების უზრუნველსაყოფად და ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის საერთაშორისო დონეზე წარმოსაჩენად. განსაკუთრებით გამოვყავით ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი, რომელიც საგრძნობლად ამცირებს ტვირთების გადაზიდვის დროს და ხარჯებს, გახდა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი კონკურენტუნარიანი მარშუტი. ხაზგასმით აღვნიშნეთ სამი ქვეყნის განსაკუთრებული როლი ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის საკითხში, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობას და გააძლიერებს ხალხთა შორის კონტაქტებს. ამ მიმართულებით მივესალმებით მიმდინარე წელს თბილისში, ოქტომბერში წარმატებით გამართულ აბრეშუმის გზის ფორუმს“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მხარეებმა დააფიქსირეს ერთობლივი მიდგომა, რომ ხელი უნდა შეეწყოს ბიზნესწრეებს შორის თანამშრომლობის განვითარებას, სამმხრივი ბიზნესფორუმების ჩატარებას, მცირე და საშუალო ბზინესის გააქტიურებას.