სად უტოლდება ნაძვის ხის ფასი ერთი თვის ხელფასს – რატომ არის ქართველებისთვის კავკასიური სოჭი ძვირი?

0
234

„ევროპაში ყველაზე პოპულარულ საშობაო-საახალწლო ხედ კავკასიური „ნორდმანის“ სოჭი ითვლება, რომელიც ფიჭვისებრთა ოჯახიდანაა და სახელწოდება ჰელსინფორსის (ამჟამად ჰელსინკის) უნივერსიტეტის პროფესორის, ბოტანიკოს ალექსანდრე ნორდმანის პატივსაცემად მიიღო. დღეისათვის, როგორც გამოკვლევები მოწმობს, „ნორდმანის სოჭს“ ევროპული ბაზრის 60% აქვს დაკავებული“, – აღნიშნულია ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი – ტეილორ უიდმანი).

რატომ მოსწონთ ევროპაში ქართული სოჭი

კავკასიური სოჭი მისი კლასიკური გეომეტრიული ფორმების, სასიამოვნო არომატის და რბილი წიწვების გამო უყვართ და მოსწონთ“, – ნათქვამია პუბლიკაციაში, რომლის ავტორი იქვე განმარტავს, რომ ევროპულ სანერგეებში სოჭის თესლი საქართველოს მთიანი რეგიონიდან – რაჭიდან მიაქვთ. ქართული სოჭის თესლიდან აღმოცენებული და გამოზრდილი ორმეტრიანი ხეების ფასი დიდ ბრიტანეთში 55-დან 70 გირვანქა (ფუნტ) სტერლინგამდე (ანუ 72-92 აშშ დოლარამდე) ფასობს.

„უკანონო გაჩეხვამ ისეთ დონეს მიაღწია, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა 2011 წლიდან მკაცრი შეზღუდვები და ჯარიმები დაეწესებინა, რომელიც ამჯამად თითქმის 1200 ლარს (415 დოლარს) აღწევს. ეს ჯარიმა ძალიან მაღალია იმ ქვეყნის მოქალაქეებისათვის სადაც, 2018 წლის მონაცემებით, საშუალო ხელფასი დაახლოებით 369 დოლარია.

გამკაცრებულმა წესებმა საქართველოში საახალწლო ნაძვის ხეების არალეგალური ბაზარი თითქმის მთლიანად გააქრო. თუმცა, რადგანაც ბევრ ქართველს სურს ცოცხალი ნაძვის ხე ჰქონდეს სახლში საახალწლოდ, ამიტომ მას შეუძლია მცენარე სანერგეში შეიძინოს, მაგრამ არის ერთი „მაგრამ“: კავკასიური სოჭის სამშობლოში – საქართველოში, სადაც ეს საახალწლო მცენარე ენდემურად ითვლება, ფასები შეიძლება შეუდარებლად მაღალი იყოს – თითქმის ოთხჯერ მეტი, რაც დაახლოებით ერთი თვის ხელფასისა და უფრო მეტის ტოლფასია, ამიტომ მრავალი ქართველისათვის მისი ყიდვა ფუფუნებაა“, – წერს ავტორი.

სტატიაში განმარტებულია, თუ რატომაა სოჭის ფასები მაღალი: „ნორდმანის სოჭი“ ორი მეტრის სიმაღლის რომ გახდეს, მას ზრდისათვის ათი წელი ესაჭიროება, ქართულ  სანერგეებში კი სოჭის მოშენება სწორედ 2011 წლიდან დაიწყეს, ანუ შეზღუდვისა და ჯარიმების დაწესებიდან. ასე რომ, ჯერ-ჯერობით ქართულ სანერგეში გახარებულ ორმეტრიან სოჭს ვერ იპოვი. შესაბამისად, მცენარე ან საზღვარგარეთიდან შემოაქვთ, ან მსურველები მისი ალტერნატივით – შედარებით დაბალფასიანი წიწვოვანი მცენარეებით კმაყოფილდებიან. რასაკვირველია, ალტერანტიული საახალწლო ხეები ისეთი ლამაზები, არომატული და პრესტიჟულები არ არიან, როგორც „ნორდმანის სოჭები“.

ასეთი სიტუაცია ერთი შეხედვით საკმაოდ უცნაურ რეალობას წარმოადგენს, – წერს ავტორი, – საქართველოს, რომელიც ცნობილია თავისი ლამაზი საახალწლო მცენარით, სოჭის თესლი უცხოეთი გააქვს, მაგალითად, დანიასა და პოლონეთში, შემდეგ კი იქიდან ხეების იმპორტს ახდენს მომატებული ფასებით, თუმცა უახლოეს ხუთ წელიწადში სიტუაცია უნდა გამოსწორდეს, ანუ როცა ქართულ სანერგეებში სოჭი ზრდასრულ ასაკს მიაღწევს.

„ნაძვის ხე“ თუ „ჩიჩილაკი“?

„თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სოჭზე ფასები დაიკლებს, ჩვეულებრივი ქართული ოჯახისათვის შეიძლება საშობაო-საახალწლო „ნაძვის ხე“ პრიორიტეტული აღარ იყოს. ჯერ ერთი, რომ ბევრისთვის ეროვნული ტყეების დაცვა ძვირფასი ხდება და ყველანაირი ცოცხალი მცენარის გაჩეხვას ეწინააღმდეგება და მეორე – საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება ძველი სახალხო ტრადიცია – ჩიჩილაკის დამზადება. ჩიჩილაკი თხილის ტოტებისაგან მზადდება – მას ხელით თლიან და მიღებულ ბურბუშელას წიწვოვანი ხის ფორმებს აძლევენ, შემდეგ სხვადასხვა ხილით – ბროწეულით და ვაშლით, აგრეთვე ფერად-ფერადი კონფეტებით რთავენ.

ქართველები მართლმადიდებლურ ქრისტეშობას 7 იანვარს ზეიმობენ, თუმცა მისი საჯაროდ აღნიშვნა და ჩიჩილაკების დამზადება-გაყიდვა საბჭოთა პერიოდში აკრძალული იყო. ჩიჩილაკები სხვადასხვა ზომისაა და ფასებიც ზომის მიხედვით არსებობს, თუმცა ძვირი არ ღირს – სულ რაღაც რამდენიმე დოლარი. ალბათ, ასე უფრო უკეთესია, ეს უფრო ეკოლოგიური ვარიანტია, ვიდრე ხეების გაჩეხვა“, – ასეთი დასკვნა გამოაქვს პუბლიკაციის ავტორს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

https://www.bbc.com/worklife/article/20191213-the-nordmann-fir-europes-popular-expensive-christmas-tree