1 იანვრიდან დაგეგმილი ტექდათვალიერების გამკაცრება გადაიდო

0
269

2020 წლის 1 იანვრიდან დაგეგმილი ტექდათვალიერების გამკაცრების გეგმა მძღოლებისათვის დროებით მოიხსნა. ცვლილებები სავარაუდოდ აპრილამდე გადაიდო და გამარტივდა მისი შინაარსიც. სრულად მოიხსნა მოთხოვნა ე.წ. კატალიზატორებზე ქვეყანაში უკვე არსებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები შევიდა, რომელიც 2020 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდება. სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მიხეილ ხმალაძის ინფორმაციით, ავტომფლობელებს მიეცათ გონივრული ვადა, ხარვეზიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაკეთებლად და ამავე დროს, გამკაცრდა ისეთი ნორმები, რომლებიც მიმართულია გზებზე უსაფრთხოების ნორმების გასაუმჯობესებლად.

ცვლილების თანახმად, კატალიზური კონვერტორის (კატალიზატორის) არსებობის ვალდებულება მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გავრცელდება, რომლებიც საქართველოში პირველად რეგისტრაციას 2020 წლის პირველი აპრილიდან გაივლიან.

როგორც ამბობენ არსებული დღეს მდგომარეობით, ჩატარებული ინსპექტირების შედეგებმა აჩვენა, რომ ავტოპარკის სიძველიდან გამომდინარე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების საკმაოდ დიდი ნაწილი კატალიზატორის არსებობის ვალდებულებას ვერ დააკმაყოფილებს.

გარდა ამისა, 2021 წლის 31 დეკემბრამდე გადაიწია M1 და N1 ტიპის მსუბუქი ავტომობილებისთვის ცეცხლმაქრის, ამრეკლავი სამკუთხედის, სამედიცინო სააფთიაქო ყუთის ქონის და ხმაურის დონის განსაზღვრის ვალდებულებამ.

სამაგიეროდ, 2020 წლის პირველი იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე განთავსებული თხევადი აირის აირბალონისა და მისი სისტემის ტექნიკური ინსპექტირება ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე სავალდებულო გახდება.