გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი საავადმყოფოდან საპატიმროში გადაიყვანეს

0
207

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი საავადმყოფოდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი თეონა გვაზავა ავრცელებს.

ადვოკატის განცხადებით, ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

თეონა გვაზავას განცხადებით, დაცვის მხარემ უკვე ჩაიბარა ჩოლოიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების განჩინება, რომელსაც 48 საათის განმავლობაში გაასაჩივრებს.

დაკავებულ გამომძიებელს მარიანა ჩოლოიანს პატიმრობა შეეფარდა. დღევანდელი სხდომა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით კავკასიის მედიცინის ცენტრში გაიმართა. მანამდე შესაბამისი შუამდგომლობა ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოში დააყენეს.

ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას წინ უძღოდა სახელმწიფო ინსპექტორის ბრიფინგი, სადაც გაჟღერდა, რომ გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ლუკა სირაძეს მისი ძმისთვის პრობლემების შექმნით დაემუქრა.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა სცადა, რასაც წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტზე მისი დაკითხვა. ლუკა სირაძე რამდენიმე დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.