ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

0
275

ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. ამის შესახებ თამილა ლაფანაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლაფანაშვილის თქმით, რაც მოხდა, მისთვის დიდი შოკი და იმედგაცრუება იყო.

„მაქსიმალური სასჯელი იქნა გამოტანილი, რასაც არავითარ შემთხვევაში არ შევეგუებით. ადამიანი ისჯება მხოლოდ იმისთვის, რისიც სჯერა. არანაირი კრიმინალი და დანაშაული არ ჩაუდენია. ისჯება სწორი იდეებისთვის. ისევ მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა მაქსიმალური გააქტიურება მოხდეს და სასწრაფოდ გადაიჭრას ეს საკითხი – ეს არის ღირსების საქმე როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის და ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის“, – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

ის კონკრეტულ გეგმებზე ჯერ ვერ საუბრობს, თუმცა ბრძოლის გაგრძელების პირობას დებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდით დაგვიდგება“, – აღნიშნა თამილა ლაფანაშვილმა.

ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ დღეს 1 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.