საქართველოში C ჰეპატიტის სკრინინგით აქტიური ინფექცია 81 300 პაციენტს დაუდასტურდა

0
199

ჯანმრთელობის ხელშეწყობის და განათლების ფონდის ინფორმაციით, 2019 წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით C ჰეპატიტის სკრინინგი 1769 206 ადამიანმა გაიარა. დადებითი პასუხი დაუფიქსირდა 145,505 (8.22%) მოქალაქეს. პროგრამის დაწყებიდან, 2015 წლიდან, მიმდინარე წლის ნოემბრის ჩათვლით სკრინინგით დადებითი პასუხის მქონე 122 629 მოქალაქიდან აქტიური ინფექცია 81 300-ს დაუდასტურდა.

„თუ წინა წლებში ბარიერებად ფინანსურ ან გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას ვასახელებდით, დღეს ეს არ შეიძლება რეალურ ბარიერს წარმოადგენდეს, რადგან 2018 წლიდან დავიწყეთ დეცენტრალიზაციის პროექტი და პრაქტიკულად 700-ზე მეტ ობიექტზე არის ხელმისაწვდომი სკრინინგული კველევა, როგორც სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებში, იუსტიციის სახლებში, მობილური ბრიგადებით და სხვა. რაც შეეხება ფინანსურ ბარიერს, ესეც ვერ იქნება რეალური, რადგან დღეისათვის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებისთვის არა მხოლოდ სკრინინგი, მთლიანად დიაგნოსტიკური კომპონენტი უფასოა,“ – აცხადებს ეკა ადამია, ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის დეპარტამენტის, პროგრამების სამმართველოს უფროსი.

მისი თქმით, სკრინინგით დადებითი პაციენტებიდან დაახლოებით 24 000 არ მისულა კონფირმაციული კვლევის ჩასატარებლად. უფრო მეტიც, კონფირმაციით დადებითი პაციენტებიდან (ვინც დაზუსტებით იცის რომ დაავადებულია ც ჰეპატიტით) 17 000 ადამიანს არ დაუწყია მკურნალობა.

„ამ პაციენტების მოსაზიდად სამინისტრო დამატებით ახორციელებს მიდევნების პროგრამას, ვუკავშირდებით პაციენტებს დამატებით, თუმცა ტექნიკურად არის ისეთი პრობლემები, რომ ტელეფონები არ არის ზუსტი, ან გამოცვლილი აქვთ და ვერ ხერხდება დაკავშირება. აღნიშნულის მიუხედავად, დაახლოებით 20% მოზიდვა და ჩართვა განხორციელდა“- აცხადებს ეკა ადამია.