ვინ ისროდა მოსკოვის ცენტრში – ეჭვმიტანილის დედა მისი ვაჟის არაბებთან კავშირზე საუბრობს

0
288

ცნობილი გახდა იმ პირის ვინაობა, რომელმაც გუშინ, 19 დეკემბერს, მოსკოვის ცენტრში, კერძოდ ლუბიანკაზე, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის შენობის შესასვლელთან სროლა ატეხა, რის შედეგადაც სპეცსამსახურის ერთი თანამშრომელი დაიღუპა, რამდენიმე მოქალაქე კი დაიჭრა.

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი პოდოლსკის მცხოვრები, 39 წლის ევგენი მანიუროვია. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს, რომელიც მომხდარ ფაქტს იძიებს, ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებია (მაგრამ არც უარყვია) მისი ვინაობა, მაგრამ, მასმედიის აზრით, მონაცემები სიმართლეს შეესაბამება.

როგორც რუსული „კომსომოლსკაია პრავდა“ იუწყება, პოდოლსკში ევგენი მანიუროვის ბინის ჩრეკა უკვე ჩატარდა. მის სეიფში საკმაოდ დიდი არსენალი აღმოაჩინეს – როგორც ცეცხლსასროლი, ასევე ტრავმატული და გაზის იარაღი, მრავალი ტყვიის მასრა და ავტომატის მჭიდეები. ცეცხლმსროლელ იარაღებს შორის ორი კარაბინი – „საიგა“ და „ვეპრი“. აღსანიშნავია, რომ ლუბიანკაზე მოწყობილი თავდასხმის დროს ევგენი მანიუროვს ზურგჩანტაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა (მობილურ ტელეფონზე შეერთებული), აგრეთვე რამდენიმე გრანატა.

საგამოძიებო ჯგუფიდან მიღებული ინფორმაციით, ყველა იარაღი ევგენი მანიუროვს ოფიციალურად ჰქონია გაფორმებული.

როგორც დანაშაულში ეჭვმიტანილის დედას ჟურნალისტებისათვის უთქვამს, მისი ვაჟი ერთდროულად დაცვის რამდენიმე სააგენტოში მუშაობდა, შემდეგ კი მოულოდნელად  ყველა მიატოვა და სამსახურისაგან გათავისუფლდა. „ბოლო დროს არსად არ მუშაობდა, მაგრამ ხშირად ელაპარაკებოდა ვიღაც არაბებს ტელეფონით. მე ბევრი არაფერი გამეგებოდა, რადგან ისინი ინგლისურად საუბრობდნენ“, – ციტირებს „კომსომოლსკაია პრავდა“ მოხუცი ქალის ნათქვამს.

ერთ-ერთი რუსული გამოცემის მიხედვით, თავდასხმელის მამას – ფათიჰ მანიუროვს (იგი ცოლს გაშორებულია 1981 წლიდან და ვაჟს იშვიათად ხვდებოდა) განუცხადებია, რომ მისი შვილი არაბთა გაერთიანებული საემიროების საელჩოს დაცვაში მუშაობდაო, მაგრამ როგორც საელჩოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა აღნიშნა ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ევგენი მანიუროვს მათთან არასოდეს უმუშავია და მეტიც, ეს პიროვნება თვალით არ უნახავთ.

სხვადასხვა წყაროებით ირკვევა, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილი სროლას მოსკოვში, პოკლონნაიას გორაზე არსებულ ტირში სწავლობდა. ერთ-ერთი მწვრთნელის თქმით, „იგი ცუდად ისროდა“, თუმცა მოსკოვის სპორტული სროლის კლუბის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ევგენი მანიუროვს კარაბინით სროლის შეჯიბრში, 27-28 ნოემბერს, მესამე საპრიზო ადგილი დაუკავებია.

სოციალური ქსელის „ვ კონტაქტე“-ს მონაცემებით, მასში დარეგისტრირებული ევგენი მანიუროვი რუსეთის მართლმსაჯულების აკადემიის კურსდამთავრებულია.

გაზეთ „კომერსანტის“ მონაცემებით, გამომძიებელთა ძირითადი ვერსია ასეთია: ლუბიანკაზე მოხდა ტერორისტული ხასიათის მქონე დანაშაული, რომელიც მისადაგებული იყო ვლადიმერ პუტინის პრეს-კონფერენციასთან და უშიშროების ორგანოების მუშაკების დღესთან, რომელიც 20 დეკემბერს აღინიშნება. გამოცემის ინფორმაციით, არსებობს მოწმეთა ჩვენებები, რომელთა თანახმად, თავდამსხმელი გაჰყვიროდა ისეთ ლოზუნგებს, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებისთვისაა დამახასიათებელი.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყაროები

https://p.dw.com/p/3V7jn

https://www.bbc.com/russian/news-50863507 https://www.rbc.ru/society/20/12/2019/5dfc571d9a79477c50a4290b?utm_source=yxnews&utm_medium=desktop&utm_referrer=https%3A%2F%2Fyandex.ru%2Fnews

https://iz.ru/956483/2019-12-20/chto-izvestno-ob-ustroivshem-strelbu-na-lubianke?utm_source=yxnews&utm_medium=desktop&utm_referrer=https%3A%2F%2Fyandex.ru%2Fnews