უამრავი შეთავაზებაა და არჩევანიც დიდია – გერმანიის ელჩი ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრაზე

0
277

„იმედს ვიტოვებ, რომ იანვარში მხარეებს შორის რეალური პროცესი დაიწყება და არსებული შეთავაზებების საუკეთესო ვარიანტს განიხილავენ“, – ამის შესახებ გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გერმანელი დიპლომატის განცხადებით, არსებობს უამრავი შეთავაზება.

„ოპოზიციამ თავისი შეთავაზებები წარმოადგინა, მმართველმა პარტიამ – თავისი. ერთ მხარეს მეორეს შეთავაზებები არ მოსწონს, თუმცა ეს ბუნებრივია მოლაპარაკებების საწყის ეტაპზე. იმედს ვიტოვებ, რომ იანვარში მხარეებს შორის რეალური პროცესი დაიწყება და არსებული შეთავაზებების საუკეთესო ვარიანტს განიხილავენ.

უამრავი ელემენტია, ზოგი 2020 წელზე საუბრობს, ზოგი უფრო შორეული მომავლისკენ იხედება – ზოგი ეხება მაჟორიტარულ უბნებს, ზოგი – პროპორციულ სისტემას, არის შეთავაზებები, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს საჭიროებს და არის ისეთებიც, რომელიც ამას არ საჭიროებს. ასე რომ, მაგიდაზე უამრავი შეთავაზებაა და არჩევანიც დიდია“, – განაცხადა გერმანელმა დიპლომატმა.

„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას 2020 წლის და მომდევნო წლების საპარლამენტო არჩევნების შერეული სისტემით ჩატარება შესთავაზა, სადაც მაჟორიტარების რაოდენობა 50-მდე შემცირდება.