„ქართული ოცნების“ ინიციატივა თამაშის წესს არ ცვლის – გიგა ბოკერია

0
206

„ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი ინიციატივა თამაშის წესს არ ცვლის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საარჩევნო სისტემის საკითხზე ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლება რეალურ ნაბიჯს არ გადადგამს, ქვეყნის შიგნით პროტესტი გაგრძელდება, გარეთ კი იზოლაცია გაღრმავდება.

„ივანიშვილის გუნდის შიგნით რღვევა გრძელდება. მათ მიერ წარმოდგენილ ინიციატივას სერიოზულად ვერ განვიხილავთ, ვინაიდან ის თამაშის წესს არ ცვლის. 12 დეპუტატით მეტი საიდან იქნება არჩეული, ეს არაფერს ცვლის, პროპორციულობა არის საკვანძო საკითხი. გარდა იმისა, გაირკვა, რომ თურმე საკონსტიტუციო ცვლილების რესურსი ჰქონიათ. თუ ეს ასეა, მაშინ კლასიკური გერმანული მოდელი მივიღოთ, რომელიც, მათი თქმით, თავადაც მოსწონთ, უბრალოდ საჭირო რაოდენობის ხმებს ვერ უზრუნველყოფენ. ივანიშვილიც ხვდება, რა მძიმე მდგომარეობაში არიან და ამიტომ აკეთებენ ამ რაღაც მანევრებს. ეს არასერიოზულია, მაგრამ აჩვენებს, რომ ნელ-ნელა ხვდებიან, რა ელით მომავალში, თუ რეალურ ნაბიჯს არ გადადგამენ. მათ უკან უნდა წაიღონ ის შეურაცხყოფა, რაც ხალხს მიაყენეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის შიგნით პროტესტი გაგრძელდება, გარეთ კი იზოლაცია გაღრმავდება“, – აცხადებს ბოკერია.

„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას 2020 წლის და მომდევნო წლების საპარლამენტო არჩევნების შერეული სისტემით ჩატარება შესთავაზა, სადაც მაჟორიტარების რაოდენობა 50 მანდატამდე შემცირდება.