აშშ-ის სენატმა საქართველოში ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი დაამტკიცა

0
282

აშშ-ის სენატმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩად კელი დეგნანის დანიშვნას მხარი დაუჭირა.

ამის შესახებ ინფორმაცია სენატის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კელი დეგნანი არის მრჩეველი-დესპანის რანგის კარიერული დიპლომატი, რომელიც ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკური მრჩეველია.  ამ პოზიციის დაკავებამდე, კელი დეგნანი მსახურობდა აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ იტალიაში, აღმასრულებელი მდივნის მოადგილედ სახელმწიფო დეპარტამენტში და აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ კოსოვოში.

ასევე, 25-წლიანი კარიერის განმავლობაში, კელი დეგნანი მუშაობდა პოლიტიკურ მრჩევლად ნატო-ში აშშ-ის წარმომადგენლობაში, უფროსი სამოქალაქო წარმომადგენლის პოზიციაზე ავღანეთში, სალერნოს ბრიგადის საბრძოლო ჯგუფში და თურქეთში აშშ-ის დიპლომატიური მისიის პოლიტიკური მრჩევლის მოადგილედ. კელი დეგნანი იყო სახელმწიფო მდივნისა და პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის სპეციალური მოადგილე. მას მიღებული აქვს ჟურნალისტიკის ბაკალავრის ხარისხი ნორსვესტერნის უნივერსიტეტში და სამართლის დოქტორის ხარისხი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში. კელი დეგნანი არის სახელმწიფო მდივნის ESA ჯილდოს მფლობელი და საუბრობს იტალიურ, ფრანგულ, თურქულ და ურდუს ენებზე.