„საპარლამენტო არჩევნები საქართველოში: გავლენის მაგალითი – ჩინეთი მოიგებს, თუ ამომრჩევლები დასავლურ კურსს უარყოფენ“ – იაპონური პრესა

0
40

იაპონიის ინგლისურენოვან გაზეთ „ნიკეი აზიის“ («Nikkei Asia») 29 ოქტომბრის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „საპარლამენტო არჩევნები საქართველოში: გავლენის მაგალითი // ჩინეთი მოიგებს, თუ ამომრჩევლები დასავლურ კურსს უარყოფენ“. მასში გაანალიზებულია სიტუაცია, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი საპარლამენტო არჩევნების წინ (ავტორი – ენდრიუ ნორტი).

გტავაზობთ ვრცელი პუბლიკაციის შინაარსს:

„აეროპორტიდან თბილისის ცენტრისაკენ მიმართულ ქუჩას აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის სახელი ჰქვია. ეს სიმბოლურია და მოწმობს იმას, რომ საქართველო აშშ-სადმი ღრმა და მტკიცე პატივისცემას გამოხატავს. მასში ასახულია ქართველების დიდი ხნის სურვილი ნატოში გაწევრიანებისათვის. ამასთან, საარჩევნო კამპანიის ფონზე აშკარად იგრძნობა ქართული პოლიტიკის წყალქვეშა დინებები, რომელიც ქვეყნის ყოფილი სიუზერენის – რუსეთის მცდელობებით არის გამოწვეული. მოსკოვს სურს საქართველო კვლავ თავის ორბიტაზე დაიტოვოს, ქართველი ხალხის სურვილის საწინააღმდეგოდ. 31 ოქტომბრის არჩევნებით გაირკვევა – ისევ აქტიურად გააგრძელებს საქართველო დასავლურ კურსს თუ შეანელებს. მაგრამ, ბედის ირონიით, საქართველოს პროდასავლური კურსის შესუსტება შეიძლება პეკინისთვის უფრო სასარგებლო აღმოჩნდეს, ვიდრე მოსკოვისათვის“, – ნათქვამია პუბლიკაციის დასაწყისში.

სტატიაში, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, მმართველი „ქართული ოცნების“ პერსპექტივაა განხილული: „ხელისუფლების თავდაპირველი წარმატება კორონავირუსთან ბრძოლაში, ერთი შეხედვით, მმართველ პარტიას კარგ უპირატესობას აძლევდა, მაგრამ „კოვიდ-19“-ით დაავადებულთა რიცხვის სწრაფი ზრდა საარჩევნო კამპანიაში უკვე ნეგატიურად დომინირებულ როლს ასრულებს. ისეთი სიტუაციაა, რომ ზოგიერთები უკვე, მიღებული ხმების სავარაუდო რაოდენობაზე საუბრისას, კოშმარულ შედეგებს წინასწარმეტყველებენ“.

არჩევნებს თან ახლავს საკმაოდ უცნაური კონკურენციაც „ქართული ოცნების“ და მისი მთავარი მოწინააღმდეგის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს შორის. ბიძინა ივანიშვილი – ყოფილი პრემიერი და მილიარდერი – რომელსაც „[ქვეყნის] მძღოლის“ ადგილი უკანა სავარძელში აქვს, საქართველოშია, ხოლო ის პიროვნება, რომელსაც მისი დამხობა სურს – ამერიკანოფილი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ექს-პრეზიდენტი – უკრაინაში იმყოფება და იქაურ ხელისუფლებაში მუშაობს. მათი დიდი ხნის მტრობა ერთმანეთისადმი ქართული პოლიტიკის კიდევ ერთ მთავარ წყალქვეშა დინებას წარმოადგენს.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოდან შვიდი წლის წინ გაიქცა – მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის პარტია მოვიდა. მან მკაფიოდ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გასამართლეს და მართლაც, ექს-პრეზიდენტს, თანამდებობის ბოროტად სარგებლობის ბრალდებით, სასამართლოს მიერ დაუსწრებლად თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თუმცა ამ გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილი „პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებს.

მართალია, ექს-პრეზიდენტი ფიზიკურად საქართველოში არ იმყოფება, მაგრამ დღეს სოციალური დისტანცირება მისთვის – მოუსვენარი პოლიტიკოსისთვის – რაიმე დაბრკოლებას არ წარმოადგენს. გამოკითხვების თანახმად,  მისი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოპულარობით მეორე ადგილს იკავებს. პარტია აკონტროლებს ერთ-ერთ ცნობილ ტელერახს, რომლის მეშვეობით მიხეილ სააკაშვილი შორიდან, რონალდ რეიგანის სტილით ცდილობს წარმატებით ჩაატაროს საარჩევნო კამპანია.

მართალია, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება საოცარი პოლიტიკური ტრიუმფი იქნებოდა, მაგრამ  საყურადღებოა ის გარემოება, რომ იგი ღრმად პოლარიზებულ ფიგურად რჩება. მას სურდა პოსტსაბჭოთა საქართველო ლიბერტარიანიზმის აკვნად გადაექცია, მაგრამ   იმავდროულად სასტიკად ექცეოდა ოპონენტებს. გარდა ამისა, იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოში საქართველო რუსეთთან ომში ჩააბა, მას ვლადიმერ პუტინი ცნობილი ფრაზით დაემუქრა… ომის შედეგად რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის ერთი მეხუთედი დაიკავა.

მართალია, „ქართული ოცნება“, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, რუსეთთან დაზაბულობისა და კონფრონტაციის შესუსტებას შეეცადა, რისთვისაც მან ოპოზიციისაგან „კრემლის პუდელის“ მეტსახელის მიიღო, თუმცა მოსკოვს, ამის მიუხედავად, საქართველოს მიწის მითვისების პროცესი არ შეუჩერებია. მოსკოვის ირიბი გავლენა იგრძნობა აგრეთვე მცირე პარტიებისადმი მხარდაჭერაში და სხვადასხვა დეზინფორმაციული კამპანიებით.

ბევრი ექსპერტი „კრემლის ხელს“ ხედავს აგრეთვე შავი ზღვის ნაპირზე ანაკლიის ღრმაწყლიანი ნავსადგურის მშენებლობის შეჩერებაშიც, რომელიც რეგიონულ სატრასნპორტო კვანძად უნდა ქცეულიყო, რუსეთის გვერდის ავლით. საინტერესოა, რომ ამ პროექტს საქართველოს მთავრობა თავდაპირველად მხარს უჭერდა, შემდეგ კი უარი განაცხადა. ამ ფაქტმა ქვეყნის იმიჯი დასავლეთის თვალში საკმაოდ შელახა. ამის პარალელურად კი, სწრაფი ტემპებით მატულობს ჩინური კომპანიების მონაწილეობა ქართულ ეკონომიკაში – პეკინი მხარს უჭერს იმ მსხვილი პროექტების განხორციელებას, რომელთა ტენდერებში ჩინურმა კომპანიებმა გაიმარჯვეს, მაგალითად, საავტომობილო მაგისტრალების მშნებლობას.

საქართველოში პერმანენტულად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, რაც მთავრობას მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებს. ამასთან, ქვეყანა კვლავ რჩება ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნად სამხრეთ კავკასიის რეგიონში. სწორედ გასული წლის საპროტესტო დემონსტრაციებმა მისცა ბიძგი საარჩევნო რეფორმას, რომლის შედეგად პოლიტიკაში გირჩებიც კი შეიძლება მოვიდნენ“, – აღნიშნავს ავტორი და მკითხველს აცნობს იმ საკმაოდ ღიმილისმომგვრელ და უცნაურ საარჩევნო ტრიუკებს, რომლებსაც არჩევნების წინ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია, მაგალითად, გირჩი“ მიმართავს (ავტომანქანების ლატარეის გათამაშება, ბორდელების შექმნის მცდელობა საარჩევნო შტაბებში და ა.შ.).

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://asia.nikkei.com/Opinion/Georgia-parliamentary-elections-a-case-study-in-influence