გამომძიებელი ლუკა სირაძეს მისი ძმისთვის პრობლემების შექმნით დაემუქრა – სახელმწიფო ინსპექტორი

0
284

დაკავებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ლუკა სირაძეს დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში მისი ძმისთვის პრობლემების შექმნით ემუქრებოდა. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, 15 წლის ლუკა სირაძის გამოკითხვა 6,5 საათს გრძელდებოდა. პროცესს ფსიქოლოგი არ ესწრებოდა.

„ვინაიდან პოლიციაში არ არსებობს არასრულწლოვანთათვის განკუთვნილი სპეციალური ოთახები, არასრულწლოვნის გამოკითხვა მიმდინარეობდა პოლიციაში ერთიან სივრცეში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ პოლიციის სხვა თანამშრომლები. გამომძიებელმა არასრულწლოვანს უთხრა, რომ დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში მის ძმას, რომელიც სწავლობდა სამხედრო აკადემიაში, შეექმნებოდა გარკვეული სახის პრობლემები. ასევე გამომძიებელმა არასრულწლოვანს დაუპირისპირა ამავე პერიოდში პოლიციის განყოფილებაში დაბარებული სხვა მოწმეები, რომელთა შორის იყვნენ როგორც სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე სხვა არასრულწლოვნები“, – განაცხადა თოლორაიამ. 

თოლორაია აღნიშნავს, რომ გამომძიებელმა არ იმოქმედა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ინტერესების შესაბამისად, რის გამოც არასრულწლოვნებმა განიცადეს ძალიან ძლიერი ემოციური სტრესი. 

მისივე თქმით, პოლიციის სხვა თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხის დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება. 

ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა 12 დეკემბერს სცადა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა.