კარგი იდეაა, მაგრამ პრაქტიკულ გეგმებში ჯერ არ შედის – პუტინი საქართველოსთან დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობაზე

0
191

იდეა ცნობილია და მისი რეალიზება მიზანშეწონილია,- ასე უპასუხა ყოველწლიურ კონფერენციაზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც ახალი გზა საქართველო-ჩეჩნეთს დააკავშირებს.

ვლადიმერ პუტინის თქმით, საქართველოსთან, განსაკუთრებით კი ზამთრის პერიოდში მიმოსვლის პრობლემები არსებობს.

“ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით, ახალი გზა კარგი იდეაა, მაგრამ ტრანსპორტის სამინისტროს პრაქტიკულ გეგმებში ის ჯერ არ შედის. გავიმეორებ, რომ იდეა ცნობილია, მისი რეალიზება მიზანშეწონილი”,- განაცხადა კრემლის ლიდერმა.

ცნობისთვის, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა გამოთქვა მოსაზრება, რომ კავკასიისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს რუსეთსა და საქართველოს შორის, ამ რესპუბლიკის გავლით მაგისტრალის მშენებლობას.

“ეს გზა ჩვენთვის და კავკასიისთვის აუცილებელია. ფაქტობრივად იტუმ-კალიდან (სოფელი ჩეჩნეთის სამხრეთში) საქართველოში გადასვლას 40-50 წუთი დასჭირდება. იქიდან კი თურქეთის გავლით იმოგზაურებთ ევროპაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ უნდა გავიხსნათ და დავამყაროთ ურთიერთობები მეზობლებთან, კერძოდ საქართველოსთან”, – განაცხადა კადიროვმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებმაც იციან ისტორია, იციან თუ როგორ ცხოვრობდნენ ორივე მხარის წინაპრები.