გიორგი გახარია: შსს-ს ჰქონდა კონკრეტული დავალება, რომ წვეთი სისხლი არ უნდა დაღვრილიყო

0
48

შსს-ს ჰქონდა კონკრეტული დავალება, რომ წვეთი სისხლი არ უნდა დაღვრილიყო და მან ეს დავალება პირნათლად შეასრულა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

„ეს იყო ის დავალება, რომელიც მათ უნდა შეესრულებინათ და ეს შეასრულეს. ახლა რაც შეეხება მეორე ნაწილს. ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ წარმატებით დასრულდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა.

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა.

თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.