უკრაინის პრეზიდენტის აზერბაიჯანული ვოიაჟი – რა მიიღო ვლადიმერ ზელენსკიმ ილჰამ ალიევისაგან?

0
277

როგორც ცნობილია, 17 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ცხადია, უკრაინა-აზერბაიჯანის ურთიერთობას თავისი ისტორია აქვს და კიევ-ბაქოს კავშირები მრავალ წელს ითვლის, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში სომხეთის როლის ფონზე, უკრაინის ყველა პრეზიდენტი ცდილობდა, რომ აზერბაიჯანთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონოდა.

რასაკვირველია, ბაქოსადმი კიევის ინტერესი ბევრი მიზეზითაა განპირობებული, თუმცა მათგან ყველაზე მნიშვნელოვნად მაინც სამი ფაქტორი შეიძლება გამოვყოთ:

პირველი – აზერბაიჯანული კაპიტალი უკრაინის ეკონომიკაში: დღეს კიევისათვის ჰაერივითაა აუცილებელი ახალი ინვესტიციები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას წაადგება. უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც მოსკოვის მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ არამეგობრულადაა განწყობილი, იმავდროულად უარს არ ამბობს ინვესტიციების მიზიდვაზე როგორც დასავლეთის ქვეყნებიდან, ასევე დსთ-ის წევრი სახელმწიფოებიდან (ანუ ე.წ. „რუსეთის ბანაკიდან“). როგორც ჩანს, აზერბაიჯანს თავისი ადგილი ექნება უკრაინის ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ პრივატიზების პროგრამის განხორციელებაში.

მეორე – აზერბაიჯანის სატრანზიტო ფუნქცია უკრაინის ტვირთებისათვის: ბოლო დროს გაიზარდა სტრანსპორტო გადაზიდვები უკრაინაში ცენტრალური აზიიდან, ირანიდან და ჩინეთიდან (და პირიქით). სხვათა შორის, ტრანზიტის ფაქტორი საქართველოსაც ეხება, რადგან უკრაინის ტვირთები აღნიშნულ რეგიონებში (ორმხრივი მოძრაობით), სწორედ საქართველოს ტეროტორიის გავლით და შავი ზღვის ნავსადგურებით მიდის უკრაინისაკენ.

აქვე შევნიშნავთ, რომ რამდენიმე წლის წინ უკრაინა დიდად იყო დაინტერესებული ჩინეთის ინიციატივის „ერთი გზა – ერთი სარტყლის“ რეალიზებაში („აბრეშუმის დიდი გზის“ ჩარჩოებში), რომელიც ევროპიდან ტვირთების რკინიგზით ჩინეთში გადაზიდვას ითვალისწინებდა – უკრაინის, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალური აზიის გავლით. კიევის სამწუხაროდ, პროექტმა არ გაამართლა: ექსპერიმენტულმა სარკინიგზო შემადგენლობამ, შავი ზღვის, საქართველოს და აზერბაიჯანის ტერიტორიის, კასპიის ზღვის, ყაზახეთის გავლით ჩინეთში საკმაოდ დიდი დაგვიანებით ჩააღწია, რაც, ბუნებრივია, არარენტაბელურად შეფასდა. დღეს ჩინური ტვირთები, რუსეთის ტერიტორიის გავლით, ბევრად უფრო სწრაფად მიეწოდება ევროპას, ვიდრე სამხრეთ კავკასიური ტრანზიტით.

მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, უკრაინისათვის საქართველოს-აზერბაიჯანის სატრანზიტო ფუნქცია მაინც მეტ-ნაკლებად მომგებიანია, – თუ შორეული ჩინეთთთან არა, შედარებით ახლოს მდებარე ირანისა და შუა აზიის ქვეყნებთან კავშირებისთვის.

მესამე – კიევი ინტერესს ამჟღავნებს კასპიის ენერგოშემცველების მიმართ, რომელიც გამოიხატება აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზისა და ნავთობის უკრაინაში იმპორტით. ჯერ-ჯერობით „გაზის სამხრეთი დერეფნის“ უკრაინული (და ევროპული) პერსპექტივისათვის სპეციალისტების შეფასებებია საჭირო, რაც უკვე დაიწყო, რაც შეეხება ნავთობს, უკრაინაში ამჟამად 60-მდე აზერბაიჯანული „სოკარის“ ავტობენზინგასამართი სადგური და ოთხი ნავთობბაზა მოქმედებს. ბაქოს ინტერესებშია ამ მხრივაც განამტკიცოს თავისი მდგომარეობა უკრაინაში.

რა მიიღო ვლადიმერ ზელენსკიმ თავისი აზერბაიჯანული კოლეგისაგან?

პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ ხელი მოაწერეს რამდენიმე ხელშეკრულებას, შემდეგ კი ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს, ისაუბრეს ვიზიტის მოლაპარაკების შედეგებზე. როგორც ილჰამ ალიევმა განაცხადა, უკრაინელ კოლეგასთან ერთად, ვაჭრობის მოცულობის გაზრდის საკითხის გარდა, განიხილეს ერთობლივი კაპიტალის ინვესტიციის პროექტებიც. მისივე თქმით, პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ გააფართოონ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის საქმიანობა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობს უკრაინაში და ამ მხრივ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზეც შეთანხმდნენ.

თავის მხრივ, ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და უკრაინა ერთმანეთს რთულ პერიოდშიც უჭერდნენ მხარს და რომ აზერბაიჯანი ყოველთვის იყო და არის საიმედო მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი უკრაინისთვის. უკრაინა  აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერია. პრეზიდენტმა აზერბაიჯანულ კომპანიებს უკრაინის პრივატიზაციაში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა. “სოკარი“ უკვე 10 წლის განმავლობაში წარმატებით მუშაობს უკრაინაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ნავთობისა და ბუნებრივი გაზის პროდუქტების წარმოებასა და ტრანსპორტირებას“, – აღნიშნა ვლადიმერ ზელენსკიმ და დაამატა, რომ მათ ასევე ისაუბრეს მთიანი ყარაბაღისა და აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტებზეც.

აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგებმა დადებითად შეაფასეს უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი ბაქოში. როგორც კვლევითი ცენტრ „ატლასის“ ხელმძღვანელმა ელჰან შაჰინოღლუმ აღნიშნა, „ვლადიმერ ზელენსკის ვიზიტი წარმატებული გამოდგა. ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოსა და სომხეთიდან, უკრაინის პრეზიდენტმა თავისი პირველი ვიზიტისათვის აზერბაიჯანი აირჩია. ეს ნიშნავს, რომ ვლადიმერ ზელენსკი პრიორიტეტს აზერბაიჯანს ანიჭებს“.

ცხადია, აზერბაიჯანელი პოლიტოლოგის შეფასებას გარკვეული საფუძველი ნამდვილად აქვს – უკრაინისათვის, ბუნებრივია, უფრო მეტად საინტერესოა შედარებით მდიდარი აზერბაიჯანი, ვიდრე საქართველო, თუმცა მისი დასკვნა პოლიტიკური კონიუნქტურითაც არის განპირობებული. რაც შეეხება საქართველოს მნიშვნელობას უკრაინისათვის, ეს ამ დღეებში გამოჩნდა, როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კიევში ვიზიტის დროს ქვეყნის ლიდერებს, მათ შორის ვლადიმერ ზელენსკისაც შეხვდა. მრავლისმეტყველია ვიზიტის მთავარი შედეგი: შეიქმნა საქართველო-უკრაინის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭო, რომლის მუშაობის მიმართულებები იქნება როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა ერთმანეთისადმი, ასევე პრაქტიკული ნაბიჯები, მათ შორის სამხრეთკავკასიური სატრანსპორტო დერეფნით სარგებლობა.

მომზადა სიმონ კილაძემ

წყაროები:

https://ru.president.az/articles/35211

https://ru.president.az/articles/35216

https://www.trend.az/azerbaijan/politics/3165853.html

https://1tv.ge/news/giorgi-gakharia-ukrainashi-vizitis-mtavari-shedegi-saqartvelo-ukrainis-strategiuli-tanamshromlobis-sabchos-sheqmnaa/