„ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს აგებს და ყველაფერზეა წამსვლელი, მათ შორის ასეთ მძიმე ქმედებებზეც – ირაკლი კობახიძე

0
44

„ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს აგებს და ყველაფერზეა წამსვლელი. ასეთ ვითარებაში, მათ შეუძლიათ, ყველაფერი გააკეთონ, მათ შორის ასეთი მძიმე ქმედებებიც, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, ეთანხმება თუ არა გია ვოლსკის განცხადებას, რომ ქვეყანაში შესაძლოა, პოლიტიკური ტერორისტული აქტები ხორციელდებოდეს.

კობახიძის განცხადებით, ეჭვების დონეზე საუბრის უფლება ყველას აქვს, თუმცა კონკრეტული განცხადების გაკეთება დამატებითი ინფორმაციის მოპოვების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„ამაზე შტაბში არაერთხელ გვქონდა მსჯელობა, გამომდინარე რეიტინგებიდან, რაც ფიქსირდება და გამომდინარე ჩვენი კონკრეტული ოპონენტი პოლიტიკური ძალის ბუნებიდან. თავის დროზე, როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, არაფერს ერიდებოდნენ. გახსოვთ, მაგალითად, იმიტირებული ტერაქტები, რომელიც მათი მხრიდან იგეგმებოდა და ხორციელდებოდა. გახსოვთ არაიმიტირებული ტერაქტები, რომლებიც ხორციელდებოდა მოქალაქეების წინააღმდეგ მათი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში. აქედან გამომდინარე, არის ორი ფაქტორი – ერთი „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაფერზე წამსვლელი ბუნება, ყველაფერზეა წამსვლელი პირადად სააკაშვილი, გვარამია და სხვები, მეორე ფაქტორი არის მათი რეიტინგები. ისინი განწირული არიან ძალიან მძიმე მარცხისთვის და ასეთ დროს ყველაფერზე წამსვლელმა პოლიტიკურმა ძალამ შეიძლება, ყველაფერი გააკეთოს. ჩვენ ამაზე ვმსჯელობდით და დამატებითი პრევენციული განცხადებებიც გაკეთდება ჩვენი მხრიდან.

რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება, ეჭვების დონეზე ისაუბროს, მაგრამ რაც შეეხება განცხადებებს, ჩვენ ჯერ უნდა გვქონდეს კონკრეტული ინფორმაცია და მერე შეიძლება, რაიმე კონკრეტული განცხადება გავაკეთოთ. ჩვენ უბრალოდ ვიცით ორი რამ – ისინი აგებენ არჩევნებს და ყველაფერზე არიან წამსვლელი. ასეთ ვითარებაში მათ შეუძლიათ, ყველაფერი გააკეთონ, მათ შორის შეიძლება, ასეთი მძიმე ქმედებებიც განახორციელონ, მაგრამ ჭორების დონეზე, ბუნებრივია, ვერ ვისაუბრებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.