აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა

0
225

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირეს. დონალდ ტრამპს კონგრესმენებმა ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და კონგრესის მუშაობისთვის ხელის შეშლაში დასდეს.

პრეზიდენტის იმპიჩმენტს ხმა დემოკრატებმა მისცეს, წინააღმდეგ კი რესპუბლიკელები გამოვიდნენ.

წარმომადგენელთა პალატის შემდეგ იმპიჩმენტის საკითხს სენატი განიხილავს, რომელშიც რესპუბლიკელები უმრავლესობით არიან და შესაბამისად, მათი მხრიდან იმპიჩმენტის მხარდაჭერის შანსი პრაქტიკულად, ნულს უტოლდება.

მანამდე კი ტრამპმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის წერილით მიმართა.

10 დეკემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა წევრებმა იმპიჩმენტის გამოძიების ფარგლებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბრალდებები წარუდგინეს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა 25 სექტემბერს  დაიწყო. ამის მიზეზი ტრამპი-ზელენკის სატელეფონო საუბარი გახდა.

დემოკრატებმა ივარაუდეს, რომ კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ ტრამპი უკრაინის ხელისუფლებას თავისი ოპონენტის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა. საჯარო მოსმენების ფარგლებში, კონგრესს ჩვენება 12-მა მოწმემ მისცა. 4 დეკემბერს კი წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტის პროცედურის შესახებ 300-გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა.

ტრამპი ენდრიუ ჯონსონისა და ბილ კლინტონის შემდეგ აშშ-ის მესამე პრეზიდენტია, რომლის იმპიჩმენტს მხარი წარმომადგენელთა პალატამ დაუჭირა. პირველ 2 შემთხვევაში, ჯონსონი და კლინტონი პოსტებზე დარჩნენ.