საქართველოს ტერიტორიის დაცვის ნაცვლად, მაშინ მიხეილ სააკაშვილი იტალიაში შოპინგზე წავიდა და მოღალატეობრივი განცხადება გააკეთა – ჯონდი ბაღათურია

0
69

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დავით გარეჯის საქმეზე ჯონდი ბაღათურიას გამოკითხვა დასრულდა.

როგორც „ქართული დასის“ ლიდერმა გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, გამომძიებლები 2012 წელს მის მიერ წამოწყებული პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხით დაინტერესდნენ.

„მე პრეზიდენტ სააკაშვილს ბრალი დავდე სახელმწიფო ღალატში. ჩემი პოზიცია იყო და დღესაც არის, რომ ყოფილი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა ჩაიდინეს ღალატი და დათმეს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკმაოდ დიდი ტერიტორია აზერბაიჯანის სასარგებლოდ. მაშინდელი უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძე და სხვა რიგი ჩინოვნიკები დღესაც აგრძელებენ სახელმწიფოს ღალატს და ცდილობენ იმ დოკუმენტის დელეგიტიმაციას, რომლითაც მტკიცდება, რომ დავით გარეჯი არის საქართველოს ტერიტორია და არა – აზერბაიჯანის.

2012 წელს ჩვენი ბრალდების სამართლებრივი საფუძველი იყო ის, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დადგნენ საქართველოს ტერიტორიაზე, ბერებს და მომლოცველებს შეუზღუდეს უფლება, შესულიყვნენ უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტერში. მაშინ, მიხეილ სააკაშვილი, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორია დაეცვა, წავიდა იტალიაში შოპინგზე და გააკეთა მოღალატეობრივი განცხადება, რომ დავით გარეჯის ნაწილი იყო აზერბაიჯანის ტერიტორია“, – განაცხადა ბაღათურიამ.

მისი თქმით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჯერჯერობით დაკავებული არიან „მეისრეები“.

„მე არ ვამბობ, რომ ისინი არ არიან დამნაშავეები, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ ის დიდი ფული, რომელიც გადახდილია ამ ისტორიულ ღალატში, ბრალდებულებსაც შეხვდათ. შეიძლება, დაკავებულებმა დავალება შეასრულეს, მაგრამ შეუძლებელია, ეს ვინმეს გაეკეთებინა მაშინდელი პრეზიდენტის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას გარეშე“, – განაცხადა ბაღათურიამ.

ბაღათურიას განმარტებით, 2012 წელს პარლამენტში სააკაშვილის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებისას, დავით დარჩიაშვილმა აღწერა ის, რაც „ჩაიდინეს 2006-2007 წლებში“.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2006-2007 წლებში ღალატით, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ დათმეს საქართველის ტერიტორია. ამას ვერ გადაწყვეტდნენ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. აუცილებლად უნდა გამოიკითხონ ბოკერია და კაპანაძე, რომლებიც მუშაობენ „ეფესბეზე“. ასევე, სავარაუდოდ, გამოკითხავენ დარჩიაშვილს, რადგან ეპიზოდი, რომელზეც მე დამიბარეს, არის იმპიჩმენტის საკითხის და დებატები 2012 წელს. ალბათ დაიკითხება დარჩიაშვილიც, რომელიც ასევე მეისრეა. აქ მთავარი მსხვილი ღლავი არის პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც მთავარი მოღალატეა“, – განაცხადა ბაღათურიამ.