არასრულწლოვნების გამოკითხვისას, შესაძლოა, აუდიო ან ვიდეო ჩაწერა განხორციელდეს

0
271

არასრულწლოვნების გამოკითხვისას შესაძლოა, აუდიო ან ვიდეო ჩაწერა განხორციელდეს. ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელზეც 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე ისაუბრეს.

„დეპუტატებს აინტერესებდათ სახალხო დამცველის მოსაზრებები მიმდინარე გამოძიებაზე. მათაც ჰქონდათ ინფორმაცია, მაგრამ ჩვენც გავუზიარეთ ჩვენი ხედვები. შევთანხმდით იმაზე, რომ სახალხო დამცველი მიაწვდის კიდევ დამატებით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, რადგან ჩვენ ვაპირებთ, დავაკვირდეთ გამოძიების მიმდინარეობას.

გარდა ამისა, ჩემთვის მისასალმებელია, რომ პარლამენტის წევრები იზიარებენ სახალხო დამცველის პოზიციას და ვფიქრობთ, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, განვიხილოთ ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ არასრულწლოვნების გამოკითხვა ხდებოდეს აუდიო ან ვიდეო ჩანაწერით. ვფიქრობ, ეს კარგი დაცვის მექანიზმია, რომ თავიდან ავირიდოთ ფსიქოლოგიური თუ სხვა ტიპის ზეწოლა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მიდგომები სისტემურად უნდა შეიცვალოს.

„ამისთვის საჭიროა რეფორმები, როგორც პოლიციაში, ასევე განათლების სისტემაში. რამდენიმე თვეში ბავშვთა კოდექსი ამოქმედდება და ეს კოდექსიც მთელ რიგ გარანტიებს ითვალისწინებს. ამ ყველაფერს პრაქტიკაში ამოქმედება სჭირდება. ამ ეტაპზე, მე არ მაქვს არანაირი საფუძველი, რომ რაღაც უნდობლობა გამოვუცხადო გამოძიებას.

გამოძიება მიმდინარეობს და ნამდვილად აქტიურ ფაზაშია. სამომავლოდ გეგმებიც აქვთ, თუმცა მნიშვნელოვანია, ეს გამოძიება ბოლომდე მივიდეს, რადგან ეს ერთადერთი ეპიზოდი არ არის, რაც ყურადღებას იმსახურებს. არის სხვა გარემოებებიც, რაც ასევე დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და ესეც გამოსაძიებელია“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.