ეს არის სისტემური ხარვეზი – ეკატერინე ტიკარაძე ლუკა სირაძის გარდაცვალებაზე

0
262

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანრმთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის დაღუპვის ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ ეს არის სისტემური ხარვეზის შედეგი.

“ვთვლი, რომ ეს არის სისტემური ხარვეზი და არ შეიძლება პასუხისმგებლობა დავაკისროთ მხოლოდ ერთ პიროვნებას. ჩვენ უნდა  მივუდგეთ ამ საკითხს სისტემურად. ეს არის ერის ტრაგედია და ამ შემთხვევაში, არ არსებობს მთავრობისა და ოპოზიციის გუნდი. ჩვენ ამის წინააღმდეგ  უნდა გავერთიანდეთ. ეს არის ერის მომავალი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ, რომლის კომენტარსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

“ჩემთვის ეს ნამდვილად იყო ძალიან ემოციური. მე ვარ მოზარდის დედა, ჩემი შვილიც, რა თქმა უნდა, არის საკმაოდ ემოციური ამ ფაქტის მიმართ. ეს იყო ჩემთვის ძალიან ძნელი. მე აუცილებლად ვითანამშრომლებ სხვადასხვა უწყებასთან”, – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

მინისტრის თქმით, სკოლებში სოციალური მუშაკების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგედია არ განმეორდეს.

“ჩვენს როლს ამ კუთხით ვხედავთ სოციალური მუშაკების ჩართულობით სკოლებში. მეტ-ნაკლები შეხება ჩვენს უწყებას ჰქონდა საჯარო სკოლებთან და არ გვქონია კერძო სექტორის  სკოლებთან. მნიშვნელოვანი არის ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების ჩართულობა, რათა გამოვლინდეს ის ხარვეზები, რომელიც სკოლაში არსებობს, ეს იქნება პედაგოგების მხრიდან მოსწავლეთა მიმართებაში თუ თვითონ მოსწავლეებს შორის კონფლიქტი. ის ტრაგედია, რომელიც უკვე დადგა აღარ უნდა განმეორდეს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სოციალური  მუშაკების სკოლებში აქტიური ჩართულობა ევროპაში აპრობირებული პრაქტიკაა და ერთი კვირა კი საკმარისი ვადაა იმისთვის, რომ სამინისტრომ პირველადი ხედვა წარადგინოს. საჯარო უწყებებს მსგავსი ტიპის სისტემური ხარვეზების აღმოფხვრის კონკრეტული, დროში გაწერილი გეგმის დასახვა და წარმოდგენა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დაავალა, რისთვისაც ერთი კვირის ვადა მისცა.

15 წლის ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მან რამენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.